მესაწოლე, პირადად მეფის და მისი „საწოლის“ (მეფის კაბინეტი და აპარტამენტები) მცველი ფეოდალურ საქართველოში. „ჴელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ. მესაწოლეთუხუცესს ექვემდებარებოდა, ხოლო „მესაწოლენი“ და „წინამწოლები“, მ-ს. ისინი მეფის პირადი მცველები იყვნენ და „საწოლის“ შიგნით იმყოფებოდნენ, ხოლო „საწოლის მეკარე“ და „კარის დარაჯა“ კი გარედან უზრუნველყოფდნენ „საწოლის“ დაცვას. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, შეიარაღებული „სხეულის მცველი“ მუდამ მეფესთან იმყოფებოდა. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით „წინამწოლი“ და „საწოლის მეკარე“ ამავე ფუნქციებს ასრულებენ. „ „ჴელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ-თა რაოდენობა 700 კომლი იყო (8 კომლი გლეხების, დანარჩენი – აზნაურების). ხელმწიფის კარზე მუდმივად იმყოფებოდა და მგზავრობისას მეფეს თან ახლდა 700 შუბოსანი მ.
მ. დიდი დარბაზობისა და პურობის დროს მუდამ შეიარაღებული იყო. გვიანფეოდალურ საქართველოში მ. სპარსული სამოხელეო ტერმინი – „ყორჩით“ – შეიცვალა.
ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017;
ი. უჯმაჯურიძე