მესტვირული პოეზია

მესტვირული პოეზია, ქართული ხალხური პოეტური ჟანრი, სტვირზე დასამღერებელი თავისებური რიტმის, ხმის, ინტონაციისა და კილოს მქონე ლექსები, რ-თა საზომი 8-ან 16-მარცვლიანი შაირია. მ. პ-თვის დამახასიათებელია რიტმული პროზაც. მისი ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია „არსენას ლექსი“. ლექსები თემატიკურად მრავალფეროვანია: საგმირო-პატრიოტული, სოც., საყოფაცხოვრებო, სას. და სხვ. საყოფაცხოვრებო ლექსები უმთავრესად სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა. მ. პ. მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახალხო დღესასწაულებთან, გართობა-სანახაობებთან, ბაზრობებთან.                    

ლიტ.: ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009; ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953.

ვ. მაცაბერიძე