მესტიაშვილი გიორგი ვლადიმერის ძე [8 (20). IX. 1898, სოფ. მაღარო, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 8. II. 1968, თბილისი], ფთიზიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1938-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა თბილ. ექიმთა დახელოვნ. ინ-ტის ტუბერკულოზის კათედრას, იმავდროულად იყო ქალაქის I ტუბსაწინააღმდეგო კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ( 1941 – 50), რ-იც 2001-მდე მის სახელს ატარებდა. 1960–63 იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ფთიზიატრი. დააარსა (1949) საქართვ. ფთიზიატრთა სამეცნ. საზ-ბა.
მ. იკვლევდა ტუბერკულოზის კომპლ. მკურნალობაში ხელოვნური პნევმოთორაქსის განსაკუთრებით კი ანტიბაქტერიული და ტუბერკულინოთერაპიის ერთდროულად გამოყენების საკითხებს, ტუბერკულოზურ მენინგიტს; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლ. თვისებები; შემოიღო ,,მანტუს გრადუირებული სინჯის“ მეთოდი და სხვ.
თხზ.: ფილტვის ადრეული კავერნები, ტფ., 1936; ტუბერკულოზი (სახელმძღვანელო), თბ., 1948 (გამოც., მე 2 თბ., 1959).
ლიტ.: კარტოზია ლ., გიორგი მესტიაშვილი, თბ., 1978.