მესტიაჭალა

მესტიაჭალა, მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სათავეს იღებს სვანეთის კავკასიონის მთ. ქედის სამხრ. კალთაზე, ლეხზირისა და ჭალაათის  მყინვარებიდან და მდ. მულხრას ერთვის მესტიასთან. მდინარის  აუზი სათავეში აგებულია ძველი კრისტალური ქანებითა, დანარჩენი ნაწილი კი – ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით. ხეობის კალთები ტყითაა შემოსილი. მეოთხეული პერიოდის დასასრულს მდინარის ხეობა დიდ მყინვარს ეკავა. მდინარის სიგრძეა 9,8 კმ, აუზის ფართობი – 163 კმ2. საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქტომბრამდე, წყალმცირობა – ოქტომბრიდან აპრილამდე. ზამთარში აღინიშნება  ყინულნაპირისი და თოში.