მესტიის აეროპორტი, თამარ მეფის სახელობისა, ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი. გაიხსნა 2010 წ. 24 დეკემბერს მესტიის მუნიციპ-ის დაბა მესტიაში (არქიტ. ი. ჰ. მეიერი, გერმანია), ზ. დ. 1489 მ სიმაღლეზე. აეროპორტის ტერიტ. მოიცავს 237935 მ2. აქვს თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტბეტონის ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (სიგრძე 1200 მ) და 3 სამიმოსვლო ბილიკი. რთული გეოგრ. მდებარეობიდან გამომდინარე, აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის (В კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია. მ. ა. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მფლობელობაშია. სამოქალაქო ავიაციის საერთაშ. ორგანიზაციის (ICAO) მიერ მინიჭებული აქვს UGMS კოდი. აეროპორტიდან რეგულარული ფრენები ხორციელდება L410 ტიპის ხომალდით ნატახტრის აეროპორტისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. მ. ა. შესულია მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული არქიტექტურის მქონე 10 აეროპორტის სიაში და მას „პატარა ქართული სასწაული“ უწოდეს.
მ. ა-მა დროის მაქს. დაზოგვით მნიშვნელოვნად გაამარტივა კავშირი სვანეთსა და საქართვ. დანარჩენ რეგიონებს შორის და დიდი წვლილი შეიტანა შიდა ტურიზმის, კონკრეტულად სვანეთის განვითარებაში. ნატახტრის აეროპორტიდან მ. ა-ში მოხვედრა შესაძლებელია 50 წთ-ში, ხოლო ქუთაისის აეროპორტიდან – 30 წთ-ში. გაზრდილი მოთხოვნების გამო არსებული ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს მგზავრთა მზარდ ნაკადს, ამიტომ საქართვ. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახ. ტერმინალის აშენების შესახებ. მ. ა-ის ახ. სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა 2024 დაიწყო, დასრულება კი 2025-თვისაა დაგეგმილი.
ნ. ბარამიძე