მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი. XIX ს. 60-იან წლებში მესხეთის სოფლებში იმართებოდა საქველმოქმედო სპექტაკლები, რ-ებშიც მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მსახიობები. 1874 ქ. ახალციხეში ადგილ. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ. ანტონოვის პიესა „მე მინდა კნეინა გავხდე“. იმავე წელს აქ ჩამოყალიბდა დასი, რ-შიც შედიოდნენ: ს. მესხიშვილი, ე. ყორღანაშვილი, ნ. გამრეკელი, ს. ღოღობერიძე, მ. ალავერდაშვილი, ე. სავანელი, ა. მესხიძე და სხვ. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მოწვეული მსახიობები: ვ. აბაშიძე, კ. ყიფიანი, ზ. მაჩაბელი, ნ. გაბუნია და სხვ. ახალციხეში პროფ. თეატრს საფუძველი ჩაეყარა 1936. 1941-იდან (მეორე მსოფლიო ომის პერიოდში) თეატრმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, 1942 განაახლა. მას სათავეში ჩაუდგა გ. აბრამიშვილი. თეატრი ოფიციალურად გაიხსნა 1945 (დირექტორი და მთ. რეჟ. მ. მეძმარიაშვილი); დაიდგა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“, ი. გედევანიშვილის „სინათლე“, ა. ცაგარლის „ციმბირელი“ და სხვ. 1950 თეატრი დაიხურა, ხოლო 1967 იანვარში კვლავ აღდგა მესხეთის სახელმწ. დრამ. თეატრის სახელწოდებით (დირექტორი მ. მეძმარიაშვილი, მთ. რეჟისორი ნ. დემეტრაშვილი, მთ. მხატვარი ა. გოგოლაძე). მისი განახლება-აღორძინება იმ დროს ითავეს თეატრ. ინ-ტის კურსდამთავრებულებმა რეჟ. ნ. დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. დასი თეატრ. ინ-ტის და ს. ზაქარიაძის სახ. კულტსაგანმ. სასწავლებლის სამსახიობო ფაკ-ტის სტუდენტებით დაკომპლექტდა. სეზონი გაიხსნა ო. ჩხეიძის პიესით „თედორე“. თეატრის რეპერტუარში იყო პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ა. ჩხაიძის „სიბრძნე სიკვდილისა“, გ. ბერიაშვილის „მეხდაცემული კაკალი“, ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და სხვ. 1993–94 თეატრს ხელმძღვანელობდა ი. მაცხონაშვილი, 1994-იდან დღემდე თეატრს უძღვება ლ. სულუაშვილი. XX ს. 90-იან წლებში დაიდგა გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი“, ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, შ. დადიანის „გუშინდელნი“, მოლიერის „ძალად ექიმი“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და სხვ.
სხვადასხვა დროს თეატრთან თანამშრომლობდნენ და თანამედროვე ხედვით გადაწყვეტილ სპექტაკლებს დგამდნენ რეჟ-ები: მ. ასლამაზიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, გ. შალუტაშვილი, ს. ნემსაძე, ზ. სიხარულიძე, ა. ელოშვილი, ვ. ხუციშვილი, დ. ჩხარტიშვილი, ს. ასლამაზიშვილი, ე. მაცხონაშვილი და სხვ. თეატრი თანამშრომლობს ასევე უცხოელ რეჟ-ებთან. (ა. საუჩანკა, ლ. ზაიკაუსკასი, ს. პავლიუკი, რ. გილაში), რ-ებმაც უცხოური პიესების სცენური ინტერპრეტაციები შესთავაზეს ადგილ. მაყურებელს.
2006-იდან მ. ს. დ. თ-ის ინიციატივით დაარსდა ეროვნ. დრამატურგიის ფესტივალი, რ-იც რეგიონში ქართვ. ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 2017-იდან იქვე გაიხსნა მცირე სცენა.
რეპერტუარშია როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები: თ. ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ნ. გოგოლის „ქორწინება“, ა. ნიკოლაის „გაქცევა“, ო’ ჰენრის „გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა“, ჰ. მიულერის „მშვიდი ღამე“ და სხვ.
თეატრმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის საერთაშ. ფესტივალებში: უკრაინაში (ი. ფრანკოს „მოპარული ბედნიერება“, 2019); აზერბაიჯანში (ჯ. კაშიას „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“, 2019); ბელორუსიაში (დ. ბოგოსლავსკის „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“, 2018); თურქეთში (შ. პეროს „ჩექმებიანი კატა“, 2018). მ. ს. დ. თ-ის სპექტაკლებს და მათ შემსრულებლებს სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ პრემიები და ჯილდოები.
თ. კახიანი