მესხი გრიგოლ პართენის ძე (18. II. 1884, სოფ. კორდი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 21. IV. 1971, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1967). საქართვ. დამს. პედაგოგი. მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკ. საზ-ბის თბილისის ხატვის სკოლაში, შემდეგ – მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში (1905-07). იყო ა. არხიპოვის, ნ. კასატკინისა და ვ. სეროვის მოწაფე. 1907 დაბრუნდა საქართველოში. თანაკურსელ ა. ციმაკურიძესთან ერთად თბილისში პირველად მოაწყო რუს მხატვართა ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. მ-მა შექმნა ქართველ მოღვაწეთა პორტრეტების სერია („კოტე მესხი“, 1910, შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმი; „ვასო აბაშიძე“, 1911; „ლადო ალექსი-მესხიშვილი“, 1910, ორივე საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი). მისი საუკეთესო ნამუშევარია უცნობი ქალის პორტრეტი (1907, შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). განსაკუთრებით აღსანიშნავია მ-ის პედ. მოღვაწეობა თბილ. ბ. ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნ სასახლე), სადაც ასწავლიდა ხატვას, იყო ხატვა-ფერწერის კაბინეტის გამგე. აღზარდა შემდგომში ცნობილ მხატვართა არაერთი თაობა. 1965 თბილ. პიონერთა სასახლეში მოეწყო მ-ის ნამუშევრების პერს. გამოფენა. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თ. გერსამია