მესხი დავით სიმონის ძე [26. I (7. II). 1860, ქუთაისი, – 26. XII. 1943, სოფ. რიონი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი], ჟურნალისტი, მთარგმნელი, დრამატურგი. 1880-იდან მუშაობდა თბილისში, გაზ. „დროების“ რედაქციაში. 1908 რედაქტორობდა გაზ. „შრომას“, თანამშრომლობდა სხვა ქართ. ჟურნალ-გაზეთებთან მ. შ.: „თეატრი და ცხოვრება“, „ნიშადური“, „კოლხიდა“, „თემი“ და სხვ. 1879-იდან დაუკავშირდა ქართ. თეატრს, რ-ის სცენაზე დაიდგა მის მიერ გადაკეთებული პიესები: „სიკოია დენშჩიკი“, „სუსტი მხარე“, „მედეა“, ორიგინ. კომედია „გემრიელი ლუკმა“ და სხვ. მ. იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 ჟურნ. „მნათობში“ დაიბეჭდა მისი „მოგონებანი“ (ცალკე წიგნად გამოიცა 1940). ლიტ.: მეფისაშვილი გ., მესხების ოჯახი, ბათ., 1970.
ს. ყუბანეიშვილი