მესხი ივანე სიმონის ძე (1849, სოფ. რიონი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, –1931, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, მთარგმნელი. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1869) შევიდა პეტერბურგის ქირურგიის აკადემიაში; 1871-იდან სწავლობდა ჯერ ციურიხის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე, შემდეგ ამავე ქალაქის პედ. ინ-ტში, რ-ის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ციურიხში სწავლისას სხვებთან ერთად დააარსა უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების საზ-ბა „უღელი“. ერთხანს ქუთაისში მასწავლებლობდა თავისსავე დაარსებულ პირველდაწყებით სასწავლებელში, შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის წევრი და გამგეობის მდივანი იყო. 70-იანი წლებიდან თანამშრომლობდა „დროებასა“ და „კრებულში“. 1888-იდან ბათუმში ქალაქის თვითმმართველობის მდივანი გახდა. იღვწოდა კულტ. ცხოვრების აღორძინებისა და აჭარაში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. მ-ს ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი „ბათუმის საქალაქო მეურნეობის განვითარების ნარკვევი“ (რუს. ენაზე), გოგოლის, დობროლიუბოვის, ნეკრასოვის თხზულებათა თარგმანები და სხვ.
ლიტ.: მესხი დ., მოგონებანი, თბ., 1940; მეფისაშვილი გ., მესხების ოჯახი, ათბ., 1970; სურმანიძე რ., ივანე მესხი (ქალაქის მდივანი) თბ., 2013.
ს. ყუბანეიშვილი