მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე [19. VI (1. VII). 1857, ქუთაისი, – 15 (28). V. 1914, თბილისი], მსახიობი და რეჟისორი. სცენაზე პირველად გამოვიდა 10 წლის ასაკში ა. წერეთლის თაოსნობით გამართულ სცენისმოყვარეთა სპექტაკლში (ზ. ანტონოვის „ქმარი ხუთი ცოლისა“, 1867). 1874-იდან სისტემატურად მონაწილეობდა ქუთ. სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1879 მიიწვიეს მსახიობად თბილ. მუდმივ პროფ. დასში. 1885 ქუთაისში დააარსა პროფ. თეატრი, რ-საც 1894-მდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ქუთ. სცენაზე პირველად გამოვიდნენ: ნ. ჩხეიძე, კ. მარჯანიშვილი და შ. დადიანი. 1894-იდან როგორც მსახიობი და რეჟ. მოღვაწეობდა თბილ. დრამ. თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), გოჩა (ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“), რუსთაველი (კ. მესხის „რუსთაველი“), ოტია (ვ. გუნიას „და-ძმა“), ანანია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), არბენინი (მ. ლერმონტოვის „მასკარადი“), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ოტელო, პეტრუჩიო (უ. შექსპირის „ოტელო“, „ჭირვეულის მორჯულება“), ტარტიუფი (მოლიერის „ტარტიუფი“) და სხვ. თარგმნა ნ. გოგოლის, უ. შექსპირის, ა. დიუმას, ვ. სარდუს და სხვ. დრამ. ნაწარმოებები. 1906 დააარსა ყოველდღიური გაზ. „პატარა გაზეთის“ სახელწოდებით, რ-იც მალე დახურეს, ხოლო მ. პასუხისგებაში მისცეს. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართ. კინემატოგრაფიის განვითარებაშიც. 1908 მ-ის ხელშეწყობით ვ. ამაშუკელმა დაიწყო ფილმების გადაღება.
ლიტ.: [ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი] ა ნ დ რ ო ნ ი კ., კ. მესხი (ბიოგრაფიული ეტიუდი), ტფ., 1910; კიკნაძე ვ., კოტე მესხი. თბ., 1985; კოტე მესხი. კრებული, შემდგ. ე. კაკაშვილი, თბ., 1953 (სერია: ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ, წგ. 3).
გ. ბუხნიკაშვილი