მესხი ლეილა გიორგის ასული (დ. 5. I. 1968, თბილისი), სპორტსმენი (ჩოგბურთი). დაამთავრა თბილ. სახელმწ. უცხო ენათა ინ-ტი ფრანგ. ენის სპეციალობით (1990). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი ქალთა წყვილში (1992, ნ. ზვერევასთან ერთად), ფედერაციის თასის ფინალისტი სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში (1990). ვარჯიში დაიწყო შვიდი წლის ასაკიდან (პირველი მწვრთნელები – გ. თოხაძე, თ. კაკულია). ახალგაზრდებში საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული წყვილებში (1986, ნ. ზვერევასთან ერთად). უიმბლდონის ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ტურნირის ფინალისტი (1986); სსრკ ზამთრისა (1986) და ზაფხულის (1989) ჩემპიონატების გამარჯვებული; ჩოგბურთის უნივერსიადის ტურნირის გამარჯვებული როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში და მეორე პრიზის მფლობელი შერეულ წყვილებში (1987, ზაგრები). სხვადასხვა ტურნირზე დაამარცხა ჩოგბურთელები მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულიდან.
ჩოგბურთის ქალთა ასოციაციის (WTA) ეგიდით ჩატარებული ნეშვილის ტურნირისა (1989) და WTA-ს ორი ტურნირის გამარჯვებული (1990) ერთეულთა თანრიგში, მ. შ. „Moscow Ladies Open“-ზე, რ-იც ქალთა ჩოგბურთის პირველი პროფ. ტურნირი იყო სსრკ-ში.
კარიერის განმავლობაში ერთადერთხელ გავიდა I კატეგორიის ტურნირის ფინალში (1991, ჰილტონ-ჰედ-აილენდი, სამხრ. კაროლინა). მეოთხედფინალში გაიმარჯვა მ. ნავრატილოვასთან, ხოლო ნახევარფინა-ლში – ნ. ზვერევასთან, მხოლოდ ფინალში დაუთმო გ. საბატინის. ამის შემდეგ მ. თავისი კარიერის მწვერვალზე ავიდა – დაიკავა WTA-ის რეიტინგის მე-12 პოზიცია. ასევე მიაღწია აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალამდე (მ. პასთან წყვილში), რაც მისი უმაღლ. მიღწევაა; დიდი მუზარადის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა ი. ნოვოტნისთან და ჯ. კაპრიატისთან, რ-ებიც რეიტინგის პირველ ათეულში შედიოდნენ. არის მრავალი ტურნირის გამარჯვებული ერთეულებსა და წყვილებში.
გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა 1997 თბილ. ჩოგბურთის კორტებზე თავისსავე დაარსებულ ტურნირზე — „თბილისის ღია პირველობა“.
თბილისში დააარსა ჩოგბურთის აკადემია (1995), რ-იც მის სახელს ატარებს. იყო საქართვ. ჩოგბურთის ფედერაციის თავ-რე (1999). ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).