მესხი ლეილა ლევანის ასული

მესხი ლეილა ლევანის ასული (3. I. 1938, სოფ. ახალბედისეული, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 2024, ქუთაისი), მწერალი. 1965 დაამთავრა მოსკ. ისტ.-საარქივო უნ-ტი. 1971 დაინიშნა ქუთაისის ისტ. არქივის დირექტორად; 1985 –2005 მუშაობდა გამომც. „მერნის“ უფრ. რედაქტორად. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა ჟურნ. „ცისკარში“ 1966, მოთხრობების პირველი კრებ. „მზე ხელისგულზე“ კი – 1973. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი რომანები: „დუმილის დედა“ (1983), „ფაიფურის თოჯინა“ (1986) და „სიზმრის ანგელოზები“ (2016); მოთხრობათა კრებულები: „ლანდი გაორთქლილ მინასთან“ (1978),  „ამერიკელი სიძე“ (1998),  „მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა“ (2015), ბიოგ. ნოველების კრებ. „ფიქრის კრიალოსანი“ (2015), „რჩეული მოთხრობები“ (2022) და სხვ.

მ-ის შემოქმედება  გამოირჩევა თემის აქტუალობითა და  სიმძაფრით, მიმზიდველი ფაბულითა და პრობლემის არსში წვდომის უნარით. იგი ავტორია არაერთი ლიტ. წერილისა თანამედრ. ქართვ. პოეტი ქალების შესახებ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. არის ნ. ლორთქიფანიძის, მ. ბარათაშვილისა და გ. ლეონიძის სახ. პრემიების ლაურეატი.