მესხი მიხეილ შალვას ძე (12. I. 1937, თბილისი, — 22. IV. 1991, იქვე), სპორტსმენი (ფეხბურთი, თავდამსხმელი). თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხ. გარემარბი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1965). თამაშობდა თბილ. „დინამოში“ (1954–69);
სსრკ ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი (1960); იყო სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1967, 1969); სსრკ თასის გათამაშების ფინალური მატჩის მონაწილე (1960). 1962 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1968).
7-ჯერ დასახელდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (პირველ ადგილზე – 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965; მესამე ადგილზე – 1958). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 35 მატჩი (1959–66), გაიტანა 4 გოლი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, სისწრაფითა და დრიბლინგით. ფლობდა თავისებურ საფეხბურთო ილეთს, რ-საც „მესხის ფინტი“ ეწოდა.
მ-მა კარიერის დასრულების შემდეგ (1969) დააარსა საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. დღეისათვის სკოლა მის სახელს ატარებს.
1998 გაზ. „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, მ. საქართველოში XX ს. საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თბილ. „ლოკომოტივის“ სტადიონს 2004 მიენიჭა მისი სახელი.
ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართვ. ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია, 50 თეთრის ღირებულების ერთ-ერთ მარკაზე მ. არის გამოსახული (2004).
2014 თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭ. კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მ. მესხის სახ. სტადიონის შესასვლელთან დაიდგა მისი ძეგლი (მოქანდაკე გ. შხვაცაბაია).
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.