მესხი ნესტან (ნუგეშა) აპოლონის ასული (დ. 16. XI, 1938, ქუთაისი), პიანისტი, პედაგოგი, საქართვ. დამს. არტისტი (1970). 1957 დაამთავრა ქუთაისის მუს. სასწავლებელი, 1962 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორი-ის საფორტეპიანო განყ-ბა (პედ. ა. ვირსალაძე). 1965-იდან მუშაობდა იქვე პედაგოგად (2003-იდან ასოცირებული პროფესორი), 2013 საქართვ. რადიომაუწყებლობაში მიჰყავდა თავისივე დაარსებული გადაცემა „კლასიკის საათი“. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, პუბლიკაციების: „პიანისტის მუშაობა ტექნიკურ სირთულეებზე (ორმაგი ნოტები)“, „ირმა გიგანი მსოფლიოს თითებით იპყრობს“, ,,სინათლე“ (რ. ლაღიძე – 95), „ოდნავ ნაკლები მოკრძალება“ (პიანისტ ც. კვერნაძის შემოქმედებითი ცხოვრება) და სხვ. მ-ის გადაცემები, პუბლიკაციები გამოირჩევა საკითხების ღრმა წვდომით, პრობლემატიკის საინტერესოდ და მრავალმხრივად წარმოჩენით. მ-მა პირველმა შეასრულა მ. დავითაშვილის საფორტეპიანო ფანტაზია, რ. ქარუხნიშვილის „ზღაპარი“ ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის, „საცეკვაო იმპროვიზაცია“, ქ. თუმანიშვილის სავიოლინო სონატა, ს. ნასიძის „პოლიფონიური სონატა“, ე. ჯაბადარის საფორტეპიანო კონცერტი №2, ა. ბალანჩივაძის, ბ. კვერნაძის, რ. ლაღიძის, ა. მაჭავარიანის საფორტეპიანო პიესები (ყველა პირვ. შესრულება) და სხვა ნაწარმოებები. მ-მა, როგორც პირველმა ინტერპრეტატორმა, წვლილი შეიტანა არაერთი ქართ. ნაწარმოების საკონცერტო ესტრადაზე დამკვიდრებაში.