მესხი სერგეი სიმონის ძე (12. (24) X. 1845, სოფ. რიონი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 21. VII (2. VIII), 1883, აბასთუმანი. დაკრძალულია რიონში), პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1856–63 სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში, 1863–67 – პეტერბ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე. პეტერბურგში სწავლის დროს იყო ქართვ. სტუდენტთა ფარული წრის წევრი. 1867 დაბრუნდა საქართველოში, სადაც გახდა „ახალი ახალგაზრდობის“ ჯგუფის წევრი. ნ. ნიკოლაძის წინადადებით მ. რედაქტორობდა გაზ. „დროებას“, რ-საც 14 წელი (1883-მდე) უძღვებოდა. იგი გაზეთს საზ. ცხოვრების განვითარების საქმეში უდიდეს როლს ანიჭებდა. მიუხედავად მკაცრი ცენზურისა და უკიდურესი გაჭირვებისა, მ. წერდა საგაზეთო სტატიებს, ასრულებდა კორექტორის, ხშირად ასოთამწყობის მოვალეობასაც. 1873 მ. საზღვარგარეთ გაემგზავრა იქაური გაზეთების მუშაობის გასაცნობად და საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად. 1873–74 იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების (ვაშინგტონი, ლივინგსტონი, გარიბალდი, ოუენი და სხვ.) ბიოგრაფიები; ჟენევაში მონაწილეობა მიიღო ქართვ. საზ. მოღვაწეთა მიერ სპეციალურად მოწვეული კონგრესის მუშაობაში, რ-ზეც ქართველებმა ამიერკავკასიის ფედერ. რესპუბლიკის შექმნის პროექტი წამოაყენეს. პროექტს მხარი დაუჭირა მ-მაც.
1874 მ. სამშობლოში დაბრუნდა, 1875-იდან მოახერხა „დროების“ კვირაში სამჯერ გამოცემა, 1876-იდან კი გაზეთი ყოველდღიური ორგანო გახდა.
მ-ის წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიასა და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტ. ენის სიწმინდეს; ვრცელი წერილი მიუძღვნა ხალხურ „არსენას ლექსს“ (1872); მიმოიხილა გ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ფურცელაძის, გ. ვოლსკისა და გ. სუნდუკიანის შემოქმედების ცალკეული საკითხები; თარგმნა ა. დოდეს და სხვათა ნაწარმოებები, შემოკლებით – ვ. ჰიუგოს ახლად გამოსული რომანი „93 წელი“, დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართ. სალიტ. ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართ. თეატრის განვითარების საქმეში. გაზეთის ფურცლებზე მ. დიდ ყურადღებას უთმობდა თბილისის ცხოვრებას, განსაკუთრებით ახლადშემოღებულ ქალაქის თვითმმართველობას. 1879–82 იყო ქალაქის ხმოსანი. 1875 მისი დამსახურებით ქალაქისთავად აირჩიეს დ. ყიფიანი. მ. აქტიურად უჭერდა მხარს ქართვ. ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველ ე. წ. „ქართველთა პარტიას“.
1883 წ. 9 მაისს ქართველმა საზ-ბამ ჯანმრთელობაშერყეულ მ-ს ვერის ბაღში გამოსათხოვარი სადილი გაუმართა. იგი „დროების“ ფურცლებიდან გამოემშვიდობა თავის მკითხველს, გაზეთი კი ი. მაჩაბელს გადაულოცა.
თხზ.: თხზულებანი სამ ტომად, თბ., 1962–64.
ლიტ.: ბოცვაძე ი., სერგეი მესხი, თბ., 1964; მისივე, სერგეი მესხი და 70-80-იანი წლების ქართული პრესა, თბ., 1968; მესხი დ., მოგონებანი, თბ., 1940; მეუნარგია ი., ქართველი მწერლები, ტ. 2, თბ., 1957; მეფისაშვილი გ., მესხების ოჯახი, ბათ., 1970; ნიკოლეიშვილი ო., სერგეი მესხის ეროვნული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი, ქუთ., 2005; ჩიკვილაძე დ., დაუვიწყარი პერსონალიები, თბ., 2009.
ს. ყუბანეიშვილი. ი. ბოცვაძე. გ. ნარსია.