მესხიშვილის სტუდია, სამსახიობო ოსტატობის ორწლიანი კურსები. შეიქმნა 1912 თბილისის ქართ. თეატრთან ლ. მესხიშვილის ხელმძღვანელობით. მ. ს. მიზნად ისახავდა ქართ. თეატრისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორ., ისე პრაქტ. საგნებს. პედაგოგებს შორის იყვნენ: ლ. მესხიშვილი, ნ. სულხანიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვ. მ. ს-ში ლექციების ციკლს კითხულობდა ა. წერეთელი. უსახსრობის გამო სტუდია რამდენიმე თვის შემდეგ დაიხურა.