მესხური დიალექტი

მესხური დიალექტი (სამცხურ-ჯავახური), ქართული ენის დიალექტი. ისტორიული მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს და სხვ. ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მ. დ. დღეს ამ დიალექტზე მეტყველებს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილ. მოსახლეობა. ეს ტერიტ. ისტ. მესხეთის მხოლოდ ნაწილია. სამეცნ. ლიტ-რაში ტერმ. „მ. დ.“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკვლევებში, ისტ. ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მ. დ-ის კილოკავებად განიხილება. თანამედროვე მესხური კილო, ძირითადად, ქართლურია, მასზე ასევე გავლენას ახდენდა აჭარული დიალექტი და თურქული ენა. მისი ასეთი თავისებურება აიხსნება იმ ძნელბედობით, რაც საუკუნეთა განმავლობაში განიცადა ამ კუთხემ. ცხადია ისიც, რომ  მ. დ. იმ სახით არ არის ჩვენამდე მოღწეული, როგორიც ის  XVI ს-მდე იყო.

ლიტ.:  ბ ე რ ი ძ ე   გ., ქართული ენის ჯავახური კილო, თბ., 1988; ბ ე რ ი ძ ე  მ., მესხეთის ტოპონიმთა სტრუქტურისა და ისტორიისათვის, თბ., 2008; მ ი ს ი ვ ე, სამცხურ-ჯავახური კილო, წგ.: ახალი ქართული ენა, წგ. 4, – დიალექტების მორფოლოგია, თბ., 2017; მ ა ი ს უ რ ა ძ ე  ი., ძირითადი ფონეტიკური მოვლენები მესხურში, გორის  ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის შრომები, თბ., 1942, ტ. 1; მ ა რ ტ ი რ ო ს ო ვ ი  ა., ქართული ენის ჯავახური დიალექტი, თბ., 1984;             მესხური, ქართული ენა (ენციკლოპედია), თბ., 2008; ფ ე ი ქ რ ი შ ვ ი ლ ი  ჟ., მესხური დიალექტის სალექსიკონო მასალა, ქუთ., 1992; ძ ი ძ ი გ უ რ ი  შ., მესხური დიალექტის აღწერითი ანალიზი სხვა კილოებთან მიმართების თვალსაზრისით, „ენიმკის მოამბე“, 1941, ტ. 10;  ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1989.

მ. ბერიძე