მეტაეკონომიკა

მეტაეკონომიკა (ბერძნ. meta –  შემდგომ, იქითა, შუა, შორის), ეკონომიკის უახლესი მიმართულება, რომელიც განაპირობებს ეკონომიკური ცხოვრების ახლებურად შეცნობას. იგი ადამიანის ეკონომიკური ქცევების განსაზღვრაში იყენებს ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, სოციოლოგიურ მიდგომებს და  ეკონ. მოვლენებს განმარტავს ეთიკისა და მორალური განზომილებებით, განსხვავებით  ნეოკლასიკური შეხედულებე-ბისაგან, რ-იც მორალური პრინციპებით არ ახასიათებს ადამიანის ეკონომიკურ ქცევას და ეთიკას მკაცრად გამიჯნავს ეკონომიკისგან. მ. გვთავაზობს ეთიკისა და ეკონომიკის რეინტეგრაციას. იგი, როგორც ქცევითი ეკონომიკის ფორმა, არის ეკონ. მიდგომა ეგოისტურ და ალტრუისტულ ქცევებს შორის კონფლიქტების გადასაჭრელად. მ. სიღრმისეულად იკვლევს ეკონ. მოვლენებსა და პროცესებს ბუნების, საზ-ბის ფუნდამენტური კანონებისა და კანონზომიერებათა გათვალისწინებით, ეკონომიკაში ეთიკის პრინციპების გამოყენებით ახდენს მის ჰუმანიზაციას და  საშუალებას გვაძლევს   უკეთ  მოვაწყოთ ეკონ. და საზოგადოებრივი ცხოვრება  რაციონალურობისა და გონიერების, მაღალი ადამიანური ფასეულობების  პრინციპებზე.   

ტერმინ მ-ის შემოღება დაკავშირებულია  მათემატიკოს კ. მენგერთან (1902–85). 1936 იგი მონაწილეობდა ავსტრიული სკოლის მიერ ორგანიზებულ ვენის დებატებში.  ეს ტერმინი მან გამოიყენა ეკონომიკასა და ეთიკას შორის ლოგიკური კავშირის დასადგენად. მ-ის მიმართ ინტერესი გაიზარდა მსოფლიოს ეკონომიკის გლობალიზაციის შედეგად, განსაკუთრებით კი  2008–09 წლების გლობალური ფინანს. კრიზისის დროს, როდესაც გამოვლინდა  კრიზისის გადაჭრის შეუძლებლობა მხოლოდ ეკონ. მექანიზმის, კერძოდ, ფასის, საპროცენტო განაკვეთისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. აუცილებელი გახდა  ადამიანის ქცევის  გაგება არა  მხოლოდ მოგების მიღების თვალსაზრისით, არამედ იმის გათვალსიწინებით, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებაზე მოქმედებს კულტურული და ინსტიტუციური ფესვები, რ-ებიც, თავის მხრივ,  ეკონ. პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობაზე ახდენს გავლენას. დაიწყო ეკონ. განვითარებისა და ზრდის უფრო ზოგადი და ინტეგრირებული ხედვის ჩამოყალიბება. 

ამჟამად მ-ისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს.  ფართოვდება მისი  კვლევის სფერო და მეთოდოლოგია. 

საქართველოში მეცნ.  ნაშრომები   მ-ში   XX ს.  ბოლოს  გამოჩნდა.  ეს   იყო   1995  გამოსული   გ. მალაშხიას  მონოგრაფია  „მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია“. მასში ჩამოყალიბებულია მ-ის მეთოდოლოგია –  ანთროპოცენტრული მიდგომის, აქსიოლოგიური (ფასეულობითი) ანალიზის,  ევდემონისტური – ადამიანთა ბედნიერების  კუთხით    ხედვის,    გენეტიკური    გააზრებისა  და   მეცნიერების სხვა დარგების  უახლეს   მიღწევათა გამოყენებით. ავტორის მიერ შემუშავებული  და გადმოცემულია  პრინციპულად ახ.   თეორ.  პარადიგმები.

მეტაეკონომიკურ  ხედვას  ვპოულობთ ქართვ. მეცნიერების –  აკადემიკოსების: ი. ფრანგიშვილის,  ვ.  პაპავას; პროფესორების: ნ.   ჭითანავას;  რ. გოგოხიას,   ე. მექვაბიშვილისა  და სხვათა  გამოკვლევებში, რ-ებიც ეხება თანამედროვე საზ-ბის ბუნების ღრმა გააზრებას,  პერსპექტიული განვითარების ტენდენციებს. მეცნიერების ამ მიმართულების მიმართ ინტერესი და მისი მიდგომების გამოყენების არეალი ეკონომიკაში სულ უფრო ფართოვდება. მ. ისწავლება საქართვ. უნ-ტებში.

ლიტ.: მალაშხია გ., მეტაეკონომიკა –  ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; მისივე, სოციალური ენერგია. სიმდიდრე, კეთილდღეობა, თბ., 2013; Генкина Б. М., Введение в метаэкономику и основания экономических наук, М., 1999; Malashkhia G., Metatheory of Profits: A New Vision,  Tb., 2012.  

                                                                                                                           გ. მალაშხია