გოილაძე ვახტანგ იოსების ძე

გოილაძე ვახტანგ იოსების ძე (დ. 11. III.  1938. სოფ. ყვიბისი, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1965). იყო ქ. თბილისის ოქტომბრის რ-ნის №18 სახლმმართველობის პედაგოგ-ორგანიზატორი, ქართ. საბჭოთა ენციკლოპედიის სამეცნ. რედაქტორი (1967-76). 1976-იდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტში, 1995-2008 ლექციებს კითხულობდა დ. გურამიშვილის უმაღლეს პედ. სასწავლებელში.

გ. იკვლევს ადრეფეოდალური საქართვ. პოლიტ. ვითარებას და ეკლესიის ისტორიას, ურთიერთობას ბიზანტიასთან, სასანიანთა ირანთან, ძველ ჰუნურ-თურქულ სამყაროსთან და ჩრდ. კავკასიაში არსებულ ოსურ გაერთიანებებთან. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მ. შ. 20 მონოგრაფიის,  ათეულობით საგაზეთო და საენცი­კლოპედიო წერილის ავტორი.  დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ.: ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990; ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991; ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991; აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბ., 1997; ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; ჰუნ-თურქები კავკასიაში, თბ., 2008; ათასწლოვანი სვეტიცხოველი, თბ., 2011; ოსთა წინაპრები ძვ. წ.  VII − ახ. წ. XV საუკუნეებში, თბ., 2018; ახალი გამოკვლევები, თბ., 2018; ქართლის ერისმთავრები სტეფანოზ I და ადარნასე , თბ., 2020.