გირგალ-საჯიხვის ქედი, კახეთის კავკასიონის სამხრ. განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე საჯიხვისთავის მთასთან (2872 მ), მთავრდება სოფ. შაქრიანთან (ყვარლის მუნიციპალიტეტი). ქედის ჩრდ. მონაკვეთი საჯიხვის, ხოლო სამხრეთი – გირგალის სახელითაა ცნობილი. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. გარდა საჯიხვისთავისა, ქედზე აღმართულია მთები: გირგალი, ქვათახევისთავი, ხერხემლისმაღალი და სხვ. ქედის კალთები ძლიერ დანაწევრებულია ხევ-ხეობებით, რ-თა შორის კარგად განვითარებული წყალგამყოფებია (პირჩიტა, მერქნისწვერი). გ.-ს. ქ-ის კალთები დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით (ჭარბობს წიფელი). ჩრდ. მონაკვეთის თხემზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.