გორდეზიანი შოთა გიორგის ძე (14. V. 1911, თბილისი, – 16. XI. 1965, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1958). 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის საფაკულტეტო ქირურგ. კათედრაზე. 1958-იდან კათედრის პროფესორია. 1955–56 მუშაობდა მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის ქირურგ. კათედრაზე პროფ. ვ. ი. კაზანსკისთან, ხოლო შემდეგ პროფ. პ. ბოროვსკისთან (ნეიროჰისტოლოგიის ლაბორატორიაში). გ-მა შეისწავლა სიდამწვრისა და მისი მკურნალობის მეთოდები. იკვლევდა გულის გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნაკლოვანების ქირურგ. მკურნალობის საკითხებს და სხვ. გ. თანაავტორია სახელმძღვანელოებისა ქირურგიაში (1954, მ. კოკოჩაშვილი, შ. გორდეზიანი, დ. ღვინეფაძე).
თხზ.: თერმული სიდამწვრე და მისი მკურალობა, თბ., 1954; გულის ანგინის ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1961; Материалы к хирургическому лечению коронарной недостаточности сердца, Тб., 1957.