გრიგოლი (ერისკაცობაში – გიორგი ელიზბარის ძე დადიანი)

გრიგოლი (ერისკაცობაში – გიორგი ელიზბარის ძე დადიანი) (1824, სოფ. ქვიშხორი, ქუთაისის გუბ., – 12. X. 1907, მარტვილი), სასულიერო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სწავლა გააგრძელა ნახარებაოს ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა, ტიპიკონი. შემდეგ სწავლობდა სამეგრელოს სამაზრო სას. სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სას. სემინარიაში. 1845 წ. 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს, 1849 აპრილში კი ბერად აღიკვეცა. 1850 იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა.

1857 ნოემბერში იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–62 – ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს. 1875 . საქართვ.-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს, 1879 წ. 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სას. განათლების სრულყოფაზე, ამ მიზნით სოფ. ბანძაში გახსნა 2-წლიანი სამრევლო სკოლა. გ. წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რ-იც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკ. სასწ. ოლქის ზედამხედველის იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. -მა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზ-ბას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. მეუფე -ისა და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გ. არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. დაკრძალულია ჭყონდიდის დღევანდელ საკათედრო ტაძარში.       

ე. ბუბულაშვილი