ლაინასებრნი (Rallidae), ფრინველთა ოჯახი წეროსნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 12 - 63 სმ აღწევს, მასა მერყეობს 30 გ-დან (თეთრფრთიანი ლაინა − Coturnicops exquisitus) 3,2 კგ-მდე (ტაკაჰე − Porphyrio mantelli). გვხვდება ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა. ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. ძირითადად ბინადრობენ წყლისპირა მცენარეულობაში (ლელიანი, ბარდები და სხვა), ნესტიან მინდვრებზე. მათგან მხოლოდ ღალღა (Crex crex) ბინადრობს მინდვრებსა და ყანებში, ყველზე პრიმიტიული სახეობები კი − ტროპიკულ ნოტიო ტყეებში. ცუდად ფრენენ (ზოგი სულ ვერ ფრენს). პოლიგამია ახასიათებს 5 სახეობას, დანარჩენები კი მონოგამური ფრინველები არიან. ბუდეს იკეთებენ ლელიანში დაწვენილ მცენარეებზე, იშვიათად წყალზე, რ-ზეც ტივისებრ კონსტრუქციას აშენებენ. დებენ 5-10 კვერცხს, ზოგიერთი მცირე ზომის სახეობა − 19-მდეც კი. ნაშიერები ბუდიდან 1-4 დღეში გამოდიან, მაგრამ მშობლებთან ერთ თვემდე რჩებიან. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ცნობილია ლ-თა 152 სახეობა, რ-ებიც გაერთიანებული არიან 45 გვარში. საქართველოში მიმოფრენისა და ზამთრობისას გვხვდება 8 სახეობა, ამათგან მობუდარია ღალღა, მელოტა (Fulica atra), წყლის ქათამი (Gallinula chloropus), ქათამურა (Porzana porzana), იშვიათად მობუდარი − მცირე ქათამურა (Zapornia parva); მიმომფრენია ლაინა (Rallus aquaticus), პაწაწა ქათამურა (Zapornia pusilla). ხონთქრის ქათამი (Porphyrio porphyrio), რ-იც ადრე მობუდარი იყო, ამჟამად მხოლოდ მიმოფრენისას და ზამთრობისას გვხვდება. ლ. ძირითადად უფრო აქტიურობენ ღამით, ღია სივრცეში იშვიათად გვხვდებიან, ამიტომ ძნელი დასანახია (გარდა მელოტასა და წყლის ქათმისა). საკმაოდ ხმაურიანი ფრინველები არიან და ცუდად დაფრინავენ, მაგრამ ახერხებენ შორ მანძილზე გადაფრენასაც. კუნძულზე მობინადრე ზოგიერთმა სახეობამ დაკარგა ფრენის უნარი, რის გამოც ადამიანის მიერ აქ შეყვანილი მტაცებლების (კატა, ყარყუმი, მელა, ასევე ვირთაგვა, ღორი) გაჩენის შემდეგ გადაშენდნენ. სქესობრივი დიმორფიზმი ნაკლებადაა გამოხატული, მამრი ოდნავ დიდია დედალზე.
ა. ბუხნიკაშვილი