მეტაფრასი

მეტაფრასი (ბერძნ.  metaphrasis — თარგმანება, გადაკეთება, განმარტება, ხელახალი თხრობა), ჰაგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი (არსებობს მეტაფრასული ჰომილეტიკაც), რ-შიც თხზულება ადრინდელ

ვერსიასთან შედარებით გავრცობილია, გამოკრებილია ან პერიფრაზირებულია. მ-ს X ს-ში სათავე დაუდო ბიზანტიელმა ჰაგიოგრაფმა, სვიმეონ ლოგოთეტმა („მეტაფრასტად“ წოდებულმა). მან გადაამუშავა, ,,გარდაკაზმა“, განავრცო ტექსტები და შეადგინა სექტემბერ-იანვრის კალენდარულ რიგზე გაწყობილ საკითხავთა კრებულები. XI ს. იოანე ქსიფილინოსმა დაასრულა სვიმეონის ნაშრომი და დაუმატა თებერვალ-აგვისტოს მეტაფრასული საკითხავები. იოანე ქსიფილინოსის ეს ღვაწლი ცნობილი გახდა მხოლოდ ქართ. ენაზე შემონახული მასალის საფუძველზე — კ. კეკელიძის მიერ 1912 მიკვლეული იოანე ქსიფილინოსის ნაშრომთა ქართ. თარგმანებისა და მათზე დართული ანდერძის მეშვეობით. ქართულად სვიმეონ მეტაფრასტის თხზულებანი უთარგმნია ექვთიმე ათონელს, რ-იც ქართ. მწერლობაში მეტაფრასული რედაქციის პირველ წარმომადგენლადაა მიჩნეული. ქართ. წყაროები საშუალებას იძლევა, გაირკვეს მეტაფრასული კრებულების შედგენის პრინციპები: სვიმეონ ლოგოთეტი არ ცვლიდა ისტ. ფაქტებს, მოკლე თხზულებას ავრცობდა, ვრცელი თხზულებიდან კი გამოკრებდა მისთვის საინტერესო მასალას, ასწორებდა მწვალებელთა მიერ დამახინჯებულ ადგილებს და ა. შ. ზოგიერთი ძეგლი არ საჭიროებდა ასეთ ჩარევას და ამიტომ ისინი მეტაფრასულ კრებულებში უცვლელად შევიდა.

მ. ჰაგიოგრაფიის ისტ. განვითარების შედეგია, რ-იც დაფუძნებულია გარკვეულ იდეოლოგიურ და ესთეტიკურ პრინციპზე. მისი „პირველსახე“ იყო კიმენი — წმინდანთა მოსახსენებლად მარტივად, „ლიტონად“ (უბრალოდ) დაწერილი ტექსტი, რ-შიც ჭარბობს თხრობითი, ფაბულური ელემენტი და გადმოცემულია კონკრეტული ამბავი. მეტაფრასტიკა უკვე არის ამ ამბის „გარდაკაზმვა“, ანუ მხატვრული აზროვნება. გადამეტაფრასება ნიშნავს თხზულების მხატვრულ–ესთეტიკურ გადამუშავებას, „სიტყჳთ განშუენებას“ (ყურადღება ექცევა ფორმას, ენასა და სტილს); მის შინაარსში ჩარევას მცირე ინტერპოლაციებით — ეს უკანასკნელი შეიძლება განპირობებული იყოს  იდეოლოგიურ-დოგმატური ან შინაარსობრივ-ფაქტობრივი საჭიროების გამო. მ-მა გამოიყენა ანტ. ლიტ. მემკვიდრეობა და ტრადიცია. მან სრულყო, დახვეწა, გააღრმავა ჰაგიოგრაფიის ფორმა და შინაარსი — ეს იყო „ადრეული ეპოქის ჰაგიოგრაფიის სიტყვიერი, ტერმინოლოგიური, ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო გამართვა, გამშვენება, ანუ, ფაქტობრივად, განმარტება, კომენტარი, ეგზეგეტიკა“ ( ე. ჭელიძე).

რაც შეეხება მ-ის სტილისტიკურ ნიშნებს, ის შეიძლება სამ ჯგუფად წარმოვადგინოთ: ფრაზის მუსიკალურ-რიტმული აგება („შეწყობილება სიტყვისა“); თხრობის ლაკონიურობა, ლაპიდარობა („არა გავრცელება თქმულისა“); კონკრეტულისა და აბსტრაქტულის შეხამება, სიტყვისა და აზრის სიმფონია. 

XI ს. 20-იანი წლებიდან, სვიმეონ ლოგოთეტის გარდაცვალების შემდეგ, ჩნდება არსებითად საპირისპირო ტენდენცია. გადამეტაფრასება უკვე გულისხმობს შესავლის წამძღვარებას; მიდრეკილებას სასწაულების აღწერისადმი; პარალელების მოხმობას სხვა წმინდანთა ცხოვრებიდან და ძვ. თხზულების ფაქტობრივი მასალით შევსებას.

თხზ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წგ. 3, მეტაფრასული რედაქციები, თბ., 1971; ძველი მეტაფრასული კრებულები: სექტემბრის საკითხავები, თბ., 1986; ძველი მეტაფრასული კრებულები: ნოემბრის საკითხავები, თბ., 2017.

ლიტ.: ა ლ ი ბ ე გ ა შ ვ ი ლ ი  გ., მეტაფრასტიკის ისტორიიდან.  წგ.: წმიდა ეფრემ მცირე და ქრისტიანული კულტურის საკითხები , თბ., 201);  ა მ ი რ ხ ა ნ ა   შ ვ ი ლ ი  ი., მინიმალიზმი როგორც პრაქტიკული საჭიროება (მეტაფრასტიდან სვინაქსარამდე), „სჯანი“,  2017, №9; გ ა ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი  ე., ორიგინალური მეტაფრასული ჰაგიოგრაფია და თხზულებათა რედაქციებად დაყოფის საფუძველი. შრომები , ტ. 3, თბ., 2011; გ რ ძ ე ლ ი ძ ე  თ.,  მეტაფრასტიკის თეორიისა და პრაქტიკის ზოგიერთი საკითხი. „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1991, №5; თ ვ ა ლ   თ ვ ა ძ ე  დ., ეფრემ მცირე და ბიზანტიური ფილოლოგიის ზოგიერთი საკითხი: სვიმეონ მეტაფრასტი და მეტაფრასტული აგიოგრაფიის ისტორიის საკითხები. წგ.: ეფრემ მცირის კოლოფონები, თბ., 2009;  კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ბიზანტიური მეტაფრასტიკა და ქართული აგიოგრაფია, თბ., 1947; მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1957; მ ა ხ ა რ ა შ ვ ი ლ ი ს., მეტაფრასული ჰაგიოგრაფიის ისტორიული და თეორიული საფუძვლები, კრ.: კორნელი კეკელიძე, თბ., 1999; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ს., ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები – აგიოგრაფია, თბ., 2020; ს ი რ ა ძ ე  რ., ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, თბ., 1978.

                                                                                                       ნ. გოგუაძე