მეტერლინკი

მეტერლინკი (Maeterlinck) მორის (29. VIII. 1862, გენტი, – 5. V. 1949, ნიცა), ბელგიელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1911). წერდა ფრანგულ ენაზე. 1883-იდან აქვეყნებდა კრიტ. წერილებს, ნარკვევებსა და ლექსებს; 1889-იდან – პიესებს (პირველი პიესა – „პრინცესა მალენი“). მის პიესებში წინა პლანზე გამოდის ქვეცნობიერი, ადამიანი არ მოქმედებს რეალურ სამყაროში, პერსონაჟი აბსტრ. არსებაა ბიოგრაფიის, ეროვნების, კონკრეტული ყოფის გარეშე; თუმცა XX ს. დასაწყისიდან მ-ის შემოქმედებაში გაჩნდა ისტ. თემები, ცოცხალი, რეალური სამყარო  და ადამიანები („და ბეატრისი“, 1900; „მონა ვანა“, 1902; „წმინდა ანტუანის დღესასწაული“, 1903 და სხვ). მწერლის ფილოს. კრედო გამოიხატა პიესა-ზღაპარში „ლურჯი ფრინველი“ (1908). წერდა ასევე ფილოს. ესეებს, ტრაქტატებს, მემუარებს.     

საქართველოში მ-ის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი დრამატურგია, დიდი  პოპულარობით სარგებლობდა. მას უკვე XX ს. დასაწყისიდან იცნობდნენ.  კ. აბაშიძე მ-ს „სცენის მეფეს“ უწოდებდა (1906), გ. ქიქოძე კი ახ. დრამის ფუძემდებლად მოიხსენიებდა. მ-ის დრამა „დაუპატიჟებელი“ (1890) 1905 გამოაქვეყნა „ივერიის ბიბლიოთეკამ“ [№2, მ. ადამაშვილის (მ. ჯავახიშვილი) თარგმანი], 1907 კი დადგა თბილ. სახაზინო თეატრმა, რ-მაც 1908 წარმოადგინა აგრეთვე „და ბეატრისი“ (ა. ავალიშვილის თარგმ.); ეს პიესა 1908–11  დაიდგა ქუთაისში, 1913 კი – კვლავ  თბილისში; 1910 გამოქვეყნდა „ტენტაჟილის სიკვდილი“ („დროება“, სურათებიანი დამატება №3, 4, 5; თ. ნათიშვილის თარგმ.), 1902 – „მონა ვანა“ (გ. ჩიკვაიძის თარგმ.), „სახლში“ (ჟურნ. „ცხოვრება და ხელოვნება“, №1); კ. ანდრონიკის (კ. ანდრონიკაშვილის ფსევდ.) თარგმ.], 1894 – „იქ, შიგნით“ [გაზ. „სახალხო ფურცელი“, სურათებიანი დამატება №56; 1915, სანგინაძის (ს. გრძელიშვილის ფსევდ.) თარგმანი]. „წმინდა ანტონიოს სასწაული“ (1903) დაიდგა ქუთაისში 1911, თბილისში კი – 1913  (პ. ჩიქვინიძის თარგმანი).

თხზ.: Theatre,v. 1–3. P., 1918; Пьесы, М., 1958; დამარხული ტაძარი, თბ., 2006; სიბრძნე და ბედისწერა, თბ., 2009; ნატურფილოსოფიური თხზულებები (სრული კრებული), თბ., 2011; დიდი საიდუმლო, თბ., 2016; ლურჯი ფრინველი, თბ., 202).         

ლიტ.: История западноевропейского театра, т. 5, М., 1970.

ნ. თარგამაძე