მეტეხი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ბარნაბიანთკარი, სადგური მეტეხი). ზ. დ. 570 მ. კასპიდან 10 კმ. 2105 მცხ. (2014).
სოფელში ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია ადამიანს. შუა საუკუნეებში მ. მცხეთის საკათოლიკოსოს ეკუთვნოდა. 1467 კათოლიკოსმა აბრამ აბალაკმა სოფელში შემოიყვანა ახალი რუ. 1470 დავით კათოლიკოსმა აზნაურ მაღალაძეს მ-ში უწყალობა ვენახი. 1804 მ. გორის მაზრაში შედიოდა. იქ მცხოვრები 95 კომლი მცხეთის საკათოლიკოსოს და ამილახვრებს ეკუთვნოდათ. 1810 კათოლიკოსმა ანტონ II-მ მ-ის მოურავად დანიშნა დავით მაღალაშვილი. 1865-თვის მ. გორის მაზრის ხიდისთავის უბნის სოფელი იყო და იქ 141 კომლი ცხოვრობდა.
მ-ის ცენტრში დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-შიც შედის XIII ს. ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი (1687 განაახლა ნიკოლოზ კათოლიკოსმა), სამრეკლო და გვიანდ. შუა საუკუნეების გალავანი კოშკების ნაშთებით.
ჯ. გვასალია