მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, XIII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.  მდებარეობს კასპის მუნიციპ-ში, სოფ. მეტეხის ცენტრში. გარდა ტაძრისა, კომპლექსში შედის გალავანი, კოშკები, სამრეკლო. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. აქვს ორი შესასვლელი – სამხრ-იდან და დას-იდან. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დას-ის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. მასში სამი სარკმელია. ტაძრის აღმ. მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა, მათ  თავზე კი – სამალავი საკნები. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი  ზევით ძლიერ შევიწროებულია. ეკლესიის გარე მასების კომპოზიციური ცენტრი თორმეტწახნაგა გუმბათია. ფასადებზე საპერანგე ქვები და ორნამენტული ელემენტები ხშირ შემთხვევაში შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ტაძრის ფასადების მორთულობის შემკვრელი იყო დეკორ. თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი.

                                                                                                                                       თ. გერსამია