მეტეხის ხიდი, ა ვ ლ ა ბ რ ი ს ხ ი დ ი, მდებარეობს მეტეხის კლდის ძირში, მდ. მტკვრის კალაპოტის ყველაზე ვიწრო ადგილზე. მეტეხის კლდის ამ ვიწროებში ხიდს უძველესი დროიდან აშენებდნენ. საუკუნეების განმავლობაში იგი რჩებოდა ქალაქის ერთადერთ ხიდად, რ-იც მდინარის ორივე ნაპირის უბნებს აკავშირებდა. შემორჩენილი წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ხიდი დიდი და მტკიცე იყო. ისიც და მისი მიმდებარე განაშენიანებაც მტერთა განუწყვეტელი თარეშის შედეგად მრავალჯერ იქნა დანგრეული და აღდგენილი. დიდი ხნის განმავლობაში ხიდს ხის მასალით აშენებდნენ. აღწერილობით, ხის ერთმალიანი ხიდი ეყრდნობოდა ნაპირებზე ამოყვანილ მაღალ ბურჯებს. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795) დანგრეული ხიდი 1797 აღადგინეს, მაგრამ 1805 ადიდებულმა მტკვარმა წაიღო. ამავე წელს ააგეს ახ. რიგელებიანი ხიდი, რ-იც 1826 ხისავე ახ. თაღოვანი ხიდით შეცვალეს, ხოლო 1870 დაიწყეს ახ. „ამერიკული სისტემის“ ლითონის ხიდის აგება (ინჟ. ა. ზეზემანი). 1805-იდან დიდი ხიდის მახლობლად მოქმედებდა მეორე – უფრო პატარა ხიდი. დიდს ავლაბრის ხიდს უწოდებდნენ, პატარას – მ. ხ-ს. 1849 პატარის ადგილას ხისავე ხიდი ააგეს, რ-იც 1870 თბილისში პირველი ლითონის ხიდით (ინჟ. ორდიში) შეიცვალა. ავლაბრის ხიდზე ფეხით მოსიარულეთა გარდა მოძრაობდნენ ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი, პატარაზე კი – მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები, ამის გამო მას ვირის ხიდი შეარქვეს. თანამედროვე მოქმედი ხიდი აშენებულია მათ ადგილზე 1951 (არქიტ. ს. დემჩინელი, ინჟ. გ. ჩომახიძე). 2014 მ. ხ. 100 ათასი მოწამის სახელობის გახდა.
თ. გერსამია