მეტონიძე ნატო ანზორის ასული (დ. 2. VII. 1972, თბილისი), მომღერალი, მუსიკოსი. 1995 დაამთავრა ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. პედ. ინ-ტი (მუსიკა-ფილოლოგიის ფაკ-ტი). იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ (III თაობა) წევრი. სტუდენტობის პერიოდში მღეროდა ვოკალურ ტრიო „ნატალისა“ (1991) და ჯაზ-კვარტეტ „3+1-ში“ (1992). 2002–04 იგი, როგორც სოლო შემსრულებელი, თანამშრომლობდა კომპანია „არტ-იმედთან“, გალობდა ქაშვეთის ეკლესიაში. არის მოსკოვისა („საფეხური პარნასისკენ“ I პრემია; 1994) და ვიტებსკის („სლავური ბაზარი“, III პრემია; 2001) საერთაშ. მუს. ფესტივალების, აგრეთვე წინანდლის (2003) ფესტივალის პრემიის ლაურეატი.
მ. მონაწილეობდა გ. ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრში შექმნილი მუს. მიხედვით განხორციელებულ პროექტში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ (ნ. რაჭველთან ერთად, 2002), ასევე მიუზიკლ „მუსიკის ჰანგებში“ (რეჟ. დ. დოიაშვილი, 2009) და თეატრალიზებულ პროექტში „ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე“ (2015; საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნ. რაჭველი). მ. თანამშრომლობდა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოს კ. ბოტისთან (2004, თბილ. ჯაზ-ფესტივალი). აღსანიშნავია მისი საკონცერტო გამოსვლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე.
თ. დოლიძე