მეტრეველი ალექსანდრე ირაკლის ძე (დ. 2. XI. 1944, თბილისი), სპორტსმენი (ჩოგბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1966). სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი. სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1965). უიმბლდონის ტურნირის ფინალისტი ერთეულ (1973), ორჯერ შერეული წყვილების თანრიგში ო. მოროზოვასთან ერთად (1968, 1970); უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტი (1962); მოსკოვის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული (1963); დიდი მუზარადის ტურნირებიდან − ავსტრალიისა (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობის ნახევარფინალისტი; აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალისტი (1974); ჯამში ATP-ის 5 ტურნირის გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში, სსრკ 29-გზის ჩემპიონი ერთეულებში (1966−67, 1969−76, 1978, 1980), წყვილებში (1967–68, 1970–76; 1980) და შერეულ წყვილებში (1970−73, 1975−76). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლ. ჩემპიონი (1975), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებში ერთეულთა თანრიგში (1961). კაცებში ერთადერთი საბჭ. ჩოგბურთელი, რ-მაც დიდი მუზარადის ტურნირის ფინალში ითამაშა და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი, 1974). 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ დასახელდა პირველ ნომრად (1966–67, 1969–78). რეგულარულად მონაწილეობდა დევისის თასზე (105 მატჩი).
დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1968). იყო საქართვ. ნაკრების მწვრთნელი (1981−82), სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართვ. სპორტკომიტეტის თავ-რის მოადგილე (1982−87), საქართვ. სატელეგრაფო სააგენტოს მიმომხილველი (1988−92). მოღვაწეობა გააგრძელა მოსკოვში სპორტულ კომენტატორად (პრემია საუკეთესო რეპორტაჟისათვის, 2020). 1966 დასახელდა საქართვ. საუკეთესო სპორტსმენად.
მიღებული აქვს ქართ. სპორტის რაინდის წოდება (2014), დევისის თასის სპეც. მედალი (2015; Davis Cup Commitment Aword) და სხვა სახელმწ. ჯილდოები. არის თბილ. (2017) და ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.