მეტრეველი როინ ვიქტორის ძე

მეტრეველი როინ ვიქტორის ძე (დ. 7. XII. 1939, აბასთუმანი), ისტორიკოსი, მედიევისტი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1993, წ.-კორ. – 1988), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან ლექციებს კითხულობდა იქვე. სამეცნ. მუშაობის პარალელურად 1960–72 მ-ს ეკავა სხვადასხვა კომკავშირული და პარტიული თანამდებობა – იყო კომკავშირის ცენტრ. კომიტეტის მდივანი, მეორე და პირველი მდივანი, 1970–72 – პარტიის ცენტრ. კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული განყ-ბის გამგე; 1966–74 – საქართვ. უმაღლ. საბჭოს დეპუტატი; 1990 – დამოუკიდებელი საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პარლამენტის წევრი. ქართ. საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე (1972–85).

მ. 1985–88 იყო ა.  პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი) რექტორი, 1988–91 და 2005–13 – საქართვ. მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი, 1991–2005 – თსუ-ის რექტორი, 1997–2005 – საქართვ. ისტ. კათედრის გამგე, 2013–23 საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 2023-იდან პრეზიდენტი.

მ. არის კალიფორნიის (აშშ, სან-ფრანცისკო) ხელოვნების, მეცნ. და განათლების საერთაშ. აკადემიის (1996), რუსეთის უმაღლ. განათლების საერთაშ. (1997), ევროპის მეცნ. და ხელოვნების (ავსტრია, ზალცბურგი; 2009) აკადემიების ნამდვილი წევრი; ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების საერთაშ. აკადემიის (ჰონკონგი) წევრი (2024); იყო საქართვ. უმაღლ. სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავ-რე (1996–2004); საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტისა (1996) და საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზ-ბის (2002-იდან) პრეზიდენტი; ეროვნ. და სოც. ურთიერთობათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2004), სახალხო (სამოქალაქო) დიპლომატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2008-იდან არჩეულია უვადოდ), პოლიტიკურ მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდენტი (2013). 1991-იდან არის ჟურნალ „მაცნეს“ (ისტორიის სერია) რედაქტორი, წელიწდეულების „ქართული დიპლომატია“ (გამოცემულია 20 ტომი) და „კავკაზიკა“ (გამოცემულია 7 ტომი), აგრეთვე ე. თაყაიშვილის თხზ. 12-ტომეულის მთ. რედაქტორი; საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული საქართვ. ისტ. წყაროების კომისიის თავ-რე (1995), საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების – „გეორგიკა“ (გერმანია-საქართველო, 1997), ,,Историческое пространство“ (2007), „კავკასია და გლობალიზაცია“ (ქ. სტოკჰოლმი, ინგლ. ენაზე, 2009) სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მ. იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, წყაროთმცოდნეობისა [არის ,,ქართლის ცხოვრების“ ქართული (2008) და რუსული (2011) გამოცემების მთ. რედაქტორი] და ისტორიოგრაფიის, საზ. აზრისა და დიპლომატიის ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 12 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. არის საქართვ. ისტორიის უმაღლ. და საშ. სკოლების სახელმძღვანელოების ავტორი.

მ. არის აფხაზეთის არ მეცნ. დამს. მოღვაწე (1996); მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998), თსუ-ის (1999), მეცნიერებათა აკადემიის (2010), ა. წერეთლის სახ. (2000)  პრემიები, ფრიტოფ ნანსენის მედალი (2000), საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო – ოქროს ჯვარი (2001), ე. თაყაიშვილის დიდი მედალი (2003), აკადემია (სარეიტინგო) „ფორტუნა“ წმ. გიორგის (2003) და ფ. გოგიჩაიშვილის (2003) მედლები, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2011),  შ. მესხიას სახ. პრემია (2012). არის იყალთოს (1991), ქუთაისის (1996), თბილისისა (1999) და  ბორჯომის (2000) საპატიო მოქალაქე, საქართვ. მრავალი უნ-ტის საპატიო პროფესორი. როგორც პარლამენტარმა, ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წ. 9 აპრილი).

თხზ.: შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე), თბ., 1973; დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V–XII სს.), თბ., 1976; საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (ისტორიული ნარკვევი, მასალები), თბ., 1982; დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; საისტორიო ნარკვევები, თბ., 2009, 2019; ჯვაროსნული ომები და საქართველო, თბ., 2012; რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013; საქართველო რუსთველის ეპოქაში, თბ., 2016; საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI–XII სს., თბ., 2019; ქართული დიპლომატიის ისტორია (თანაავტ. მთ. რედ.), თბ., 2022; ბაგრატიონები (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), თბ., 2023; Давид Строитель, Тб., 2022; Царица Тамар,Тб., 2022; Georgia, Nashville. uSA, 1995; The Goldan Age (Georgia from the 11-th century to the quarter of the 13-th century), Tb., 2010.