მეტრი

მეტრი (ბერძნ. metron – ზომა), ლექსწყობაში საზომი, რომლითაც იწერება ლექსის რამდენიმე ტაეპი (ერთი ან რამდენიმე სტროფის ან მთელი ლექსისა, ე. წ. ასტროფიული ლექსი). ლექსის მ. და რიტმი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია. ლექსწყობაში რიტმი თანაზომიერი ბგერითი ერთეულების კანონზომიერი განმეორებით იქმნება და მკაცრად არის ორგანიზებული სწორედ მ-ის, ანუ ზომის მეშვეობით. ლექსში სიტყვა რიტმს ემორჩილება, რ-ის განხორციელებას ენის ფონეტიკური თვისებები განსაზღვრავს. მ-თან დაკავშირებულია ლექსის თეორიის უმთავრესი საკითხი: ლექსწყობის რომელ სისტემას ეკუთვნის ამა თუ იმ ერის ლექსი თავისი ბუნების, არსის მიხედვით; იგი განაპირობებს ლექსწყობის სისტემების კლასიფიკაციას კვანტიტატურ (ბერძნულ-ლათინურ-რომაული) და კვალიტატურ (ახალი ენები) სახეობებად. კვანტიტატური (რაოდენობრივი) ლექსწყობის საფუძველია გრძელი (–) და მოკლე (ٮ) მარცვლების მონაცვლეობაზე აგებული სისტემა, რის გამოც მას მეტრულს უწოდებენ. ამ სისტემაში შემავალი ლექსის რიტმს განსაზღვრავს ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, მათი რაოდენობა სალექსო ტაეპში. ტერმინ „კვანტიტატურში“ იგულისხმება იმ დროის ხანგრძლივობა (რაოდენობა), რაც სჭირდება გრძელი ან მოკლე მარცვლის წარმოთქმას (შემოღებული პრინციპის თანახმად „გრძელი მარცვალი უდრის ორ მოკლეს“).

მეტრულ ლექსში რიტმის ერთეული, რ-იც უშუალოდ სმენით აღიქმებოდა, იყო მთელი სტრიქონი ან ნახევარტაეპი. მეტრულ ლექსწყობაში პირველად ჩნდება ტერფი – ძლიერი და სუსტი ადგილების შეთანხმება, რ-იც მთელ ლექსში რეგულარულად მეორდება. ტერფად მიიჩნეოდა გრძელი და მოკლე მარცვლების ყველა შეთანხმება. ტერფის მოცულობა იზომებოდა ხანგრძლივობის ერთეულებით: ერთი მოკლე მარცვლის ჟღერადობას ანტიკურში ეწოდა მორა (ლათინურად – შეყოვნება) ან ქრონის პროტოსი (ბერძნულად – პირველი დრო). გრძელი ხმოვანი ან მარცვალი უდრიდა ორ მოკლე ხმოვანს – შედგებოდა ორი ქრონოს პროტოსის, ანუ ორი მორასაგან. მეტრულ ლექსში შესაძლებელი იყო გრძელი ხმოვნის შეცვლა ორი მოკლე ხმოვნით და პირიქით: ٮ ٮ (ორი მორა, ორი მოკლე ხმოვანი) უდრის –, ანუ ერთ გრძელ ხმოვანს. გრძელი და მოკლე მარცვლების მონაცვლეობა ლექსს ანიჭებს მუსიკალობას.

ჩვ. წ. III ს-ში ბერძნ. და ლათ. ენებში ფონოლოგიური ცვლილებების გამო დაიკარგა გრძელი და მოკლე მარცვლების განსხვავება-დაპირისპირება. ანტიკური საზომების რთული სისტემა

სმენისათვის ერთგვაროვანი მარცვლების ქაოსად გადაიქცა. ამ ქაოსის რეორგანიზებისათვის მოიძებნა ახალი საფუძველი – ხმოვანთა თვისებრიობა, ანუ კვალიტატი. ასე გაჩნდა კვალიტატური (თვისებრივი) ლექსწყობის სისტემა (სილაბური, სილაბურ-ტონური და ტონური). ამ სისტემებში რიტმი ეყრდნობა ხმოვანთა, ანუ მარცვალთა თვისებრიობას (სილაბური) ან მათ მახვილიანობასა და უმახვილობას (სილაბურ-ტონური, ტონური). კვალიტატური ლექსწყობის სისტემების რიტმი მუსიკალური კი არა, მეტყველებითი ხასიათისაა.

ა. გაწერელია თვლის, რომ ქართ. ლექსი სილაბურ-ტონურია, ამიტომ რიტმის შემქმნელ ფაქტორებად მიიჩნევს: 1. საზომს, ანუ მ-ს – მახვილიანი და უმახვილო მარცვლების თანმიმდევრობის იდეალურ ნორმას; 2. საზომის, ანუ მ-ის ურთიერთობას სიტყვასთან, რეალური მეტყველების ფორმას; 3. ანჟამბემანს (გადატანას) – რიტმული ელემენტებისა და სინტაქსის ურთიერთობას; 4. რითმას, როგორც ტაეპის დასასრულის სიგნალს; 5. ტემპს (ტაეპსა და სტროფში); 6. ინტონაციას, როგორც ლექსის საერთო რიტმული დენის ინდივიდუალურ სახეს.

მ-ს რიტმის ძირითად ფაქტორად მიიჩნევს ა. ხინთიბიძე. მისი აზრით, ქართ. ლექსწყობაში მ. ემყარება მარცვალთა რაოდენობრივ მონაცემებს, ამიტომ ქართ. ლექსწყობა სილაბურია.

ლიტ.: გაწერელია ა., რჩეული ნაწერები, ტ. 3, თბ, 1981; მაისურაძე ნ., მუსიკალური და პოეტური მეტრის მიმართების საკითხი ხევსურულ სიმღერებში, საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის მოამბე, ტ. 37, თბ., 1965; სილაგაძე ა., ქართული ლექსის მეტრისა და რითმის შესახებ, «კრიტიკა», 1986; №3; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.

თ. ბარბაქაძე

ს. ჟორდანია