მეტრი (ბერძნ. metron – ზომა), მუსიკაში, მუსიკალური რიტმის ორგანიზაციის სისტემა. თანამედროვე მუსიკაში მისი ძირითადი ერთეულია ტაქტი. მუსიკის განვითარების ადრინდ. ეტაპზე მ. უშუალოდ იყო დაკავშირებული სიმღერის ტექსტთან, პოეტურ მ-თან, ამიტომ ბგერების ხანგრძლივობის სპეც. აღნიშვნა აუცილებელი არ იყო. ადრინდ. შუა საუკუნეებში გაჩნდა გრიგორიანული ქორალი, რ-შიც რიტმულად ერთფეროვანი მელოდია არ იყო შეზღუდული გარკვეული მეტრული ჩარჩოებით. ტრუბადურებისა და ტრუვერების შემოქმედებაში კვლავ ჩნდება მუს. მ. და ზომა, რ-იც XII ს-ში შეიჭრა საეკლ. მუსიკაშიც. XIV ს-იდან მუს. ზომის ერთეულებია მენზურა და ტაქტი. XVII ს-ში ტაქტის ცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა, XIX ს-ში კი იგი, როგორც ტერმინი, შევიდა მუსიკის თეორიაში. ტაქტში შემავალი ერთეულები იყოფა ძლიერად და სუსტად. მეტრული ზომა ტაქტში შეიძლება იყოს მარტივი (2- და 3- წილადი), რთული (4- და 6-წილადი) და შერეული (5- და 7-წილადი). მეტრული ზომა გამოიხატება შეფარდების სახით (6/8, 5/4) ან სპეციალურად მიღებული აღნიშვნით (С და Ф). ზოგჯერ მუს. ნაწარმოებში მუს. აქცენტი ზუსტად არ ემთხვევა ტაქტის მეტრულ აქცენტს, რ-იც ქმნის სინკოპებს. მუს. ნაწარმოების შესრულებისას ერთი და იმავე ზომის მქონე ტაქტები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან გრძლიობით (სპეც. აღნიშვნები – accelerando, Ù და ა. შ.). თანამედროვე მუსიკაში მ. ხშირად ცვალებადია, ზოგჯერ კი ტაქტობრივი დაყოფა საერთოდ უკუგდებულია.
ქართ. ხალხურ მუსიკაში ვხვდებით მ-ის განსხვავებულ ფორმებს: აღმ. საქართვ. ზოგიერთ დიალექტში (განსაკუთრებით ხევსურეთში) მუს. მ. დამოკიდებულია პოეტურ მ-ზე. ქართლ-კახურ სუფრულ და ერთხმიან შრომის სიმღერებში გამოიყენება თავისუფალი რიტმული საწყისი მეტრული დაყოფის გარეშე; მეტრულ-რიტმული ორგანიზებულობა ახასიათებს დას. საქართვ. ხალხურ სიმღერებსა და აღმ. საქართვ. გარკვეული ჟანრის სიმღერებს (ფერხული, მგზავრული). მეტად თავისებურ მოვლენას – რეალურ პაუზას ფაქტებს შორის, რ-ის გრძლიობა არაა ზომით გათვალისწინებული („ხალხური პაუზა“) – ვხვდებით ქალთა სოლო სიმღერებში. მრავალი ქართ. ხალხ. სიმღერისათვის დამახასიათებელია სინკოპები, დას. საქართვ. პოლიფონიური სიმღერებისათვის კი იგი ერთ-ერთი ქმედითი ფაქტორია პოლიფონიური კონტრასტულობის მისაღწევად.
ლიტ.: გაწერელია ა., რჩეული ნაწერები, ტ. 3, თბ, 1981; მაისურაძე ნ., მუსიკალური და პოეტური მეტრის მიმართების საკითხი ხევსურულ სიმღერებში, საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის მოამბე, ტ. 37, თბ., 1965; სილაგაძე ა., ქართული ლექსის მეტრისა და რითმის შესახებ, «კრიტიკა», 1986; №3; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.
თ. ბარბაქაძე
ს. ჟორდანია