მეტრიკა (ბერძნ. metrikē – ზომა), 1. პოეტიკის ნაწილი, რ-იც შეისწავლის სალექსო საზომებს, ანუ ძირითად რიტმულ ერთეულებს. მ-ს ლექსწყობის შემსწავლელ დისციპლინად მიიჩნევენ, ფართო მნიშვნელობით – ვერსიფიკაცია, ანუ მ. (Стихосложение; Метрика; გერმ. Verslehre; Metrik; ლათ. Versificatio). მ. ზოგადად, განიმარტება მოძღვრებად ლექსის ზომისა (მეტრისა) და ლექსწყობის თაობაზე. დამოუკიდებელ თეორიად იგი ძვ. წ. VI ს-ში, ანუ ელინურ პერიოდში ჩამოყალიბდა და ძირითადად პრაქტიკული მიზნები ჰქონდა აღნუსხავდა მეტრული ლექსწყობის საზომებს და აჯგუფებდა მათ ტერფების მიხედვით. ინდოევროპული ლექსის კვლევა ძირითადად, ანტიკური მ-ის ტრადიციული, ანუ სასკოლო მ-ის მეშვეობით წარიმართა XIX ს-მდე. შემდეგ კვლევა გაღრმავდა და მ. უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა მუსიკალურსა და ლინგვისტურ ფაქტორებს. ა. გაწერელიას აზრით, რიტმი მთლიანი სისტემაა, მეტრული სქემა კი – საზომის სტატიკური გამოხატულება, ამიტომ შესაძლებელია მისი თვალით შესწავლაც კი.
სასკოლო, დოგმატური მ. აღნუსხავდა ძველბერძნულ საზომებს (ჰეგზამეტრს, პენტამეტრს, ტრიმეტრს), ტერფებს (ქორე, იამბი, დაქტილი, პეონი, დოხმი).
მარცვალსათვლელ ენებში მ. შეისწავლის სტროფში მარცვალთა რაოდენობრივ მონაცემებს. იმის მიხედვით, სტროფი თანაბარმარცვლიანი სტრიქონებისგან შედგება თუ არათანაბარ-მარცვლიანებისაგან, საზომები ორგვარია: თანაბარმარცვლიანი (იზოსილაბური) და არათანაბარმარცვლიანი (ჰეტეროსილაბური). მარცვალთა რაოდენობა ციფრებით აღინიშნება.
სილაბურ-ტონური ლექსწყობის სქემებში კი, ანტიკური მ-ის ანალოგიით, გამოიყოფა რამდენიმე ტერფი (იამბი, ქორე, დაქტილი, ანაპესტი, პეონები). სილაბურ-ტონურად მიიჩნევს ქართ. ლექსწყობას ა. გაწერელია, რ-იც საზომების აღწერისას ყურადღებას აქცევს ტაეპში სიტყვათა და მახვილთა განლაგებას.
სილაბურ-დოგმატური მ-ის ფუძემდებელი საქართველოში იყო ს. გორგაძე („ქართული ლექსი“, 1930). ამჟამად კი ქართ. მ-ის, ანუ ეროვნ. პოეზიაში გავრცელებული ძირითადი საზომების აღწერა-კლასიფიკაცია მოცემულია ა. გაწერელიასა და ა. ხინთიბიძის ნაშრომებში. ა. გაწერელიას ქართ. ლექსის სილაბურტონურობის გათვალისწინებით, აქვს აღწერილი უძველესი და კლასიკური პერიოდის ქართ. ლექსის საზომები. ა. ხინთიბიძე კი, ქართ. ლექსის სილაბურობის თეორიის დამცველი, ქართ. პოეზიის მეტრულ რეპერტუარს წარმოგვიდგენს ორ ჯგუფად: 1. იზოსილაბური მეტრი (5 3 სქემა) და 2. ჰეტეროსილაბური მეტრი: ა) ორსაზომიანები (93 ნიმუში) და ბ) სამსაზომიანები (7). მეტრული რეპერტუარის სრული კლასიფიკაცია შეუძლებელია – საზომთა რიცხვი აურაცხელია. მარტო გ. ტაბიძის პოეზია 130-ზე მეტ მეტრულ ფორმას შეიცავს. 2. მუსიკაში, მოძღვრება მეტრის შესახებ. ანტიკური მუს. თეორიის ნაწილი, რ-საც შესაბამისობაში მოყავდა სიტყვების თანამიმდევრობა მუს. გრძლიობებთან. მისი ამგვარი მნიშვნელობა შენარჩუნებული იყო შუა საუკუნეებშიც, თუმცა ელინისტურ ეპოქაში სიტყვისა და მუსიკის თანდათანობით განცალკევებასთან ერთად, მ. გრამატიკის, ხოლო მოგვიანებით პოეტიკის ნაწილი ხდება, საიდანაც კვლავ ნასესხებია მუს. თეორიაში, როგორც სწავლება მუს. მეტრზე – ტაქტზე. მუს. მ-ში მოიაზრება აგრეთვე მუს. ნაგებობაში ტაქტების დაჯგუფებაც. ამიტომ, კლასიკურ მუს. ფორმათა სწავლებაში მ. საწყისი განაყოფია, რ-იც განიხილავს მის ელემენტებს პერიოდამდე (პერიოდი ჰომოფონიაში უმცირესი მუს. ფორმაა, რ-შიც გადმოცემულია მეტ-ნაკლებად დასრულებული მუს. აზრი).
ლიტ.: გაწერელია ა., რჩეული ნაწერები, სამ ტომად, ტ. 3 – ვერსიფიკაცია, თბ., 1981; ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.
თ. ბარბაქაძე