ეზოსმოძღვარი, მეფის სასახლის სამეურნეო-საფინანსო უწყების გამგებელი ძვ. წ. უკანასკნელი და ახ. წ. პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში, სადაც ე. „ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად" იწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნ. ტექსტში მას შეესატყვისება „ე პ ი ტ რ ო პ ო ს ი", რ-იც სახლის მმართველს (პროკურატორს) ნიშნავდა ძვ. რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ე-ის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ე-ს ფეოდ. პერიოდის საქართვ. სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვან მოხელედ წარმოგვიდგენს. მისი სიტყვით, ე-ის „ჴელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგნი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა". არმაზის ორენოვანი წარწერის, ვახუშტის ცნობისა და სხვა მონაცემების მიხედვით, ე-ის სახელო აერთიანებდა სამხ., ფინანს. და სხვა ადმ. ფუნქციებს. თამარის მეორე ისტორიკოსს მოხსენიებული ჰყავს ბასილი ეზოსმოძღვარი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 2, N1–2; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; Ш а н и д з е А. Г., Данные греческо-пехлевийской билингвы из Армази для истории термина ეზოჲსმოძღუარი эзоисмодзгвари в древнегрузинском, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 2, N1–2.
ი. სურგულაძე