მეტროლოგია ისტორიული

მეტროლოგია ისტორიული (ბერძნ. metron – ზომა, logos – სწავლება, მოძღვრება), საზომთმცოდნეობა, ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რ-იც შეისწავლის ძველ საზომებს, მათ სახელწოდებებს, ურთიერთმიმართებებს, საზომი სისტემების ჩამოყალიბებასა და მათ რეალურ სიდიდეს თანამედროვე მეტრულ სისტემაში. მ-ის, როგორც სამეცნ. დისციპლინის, წარმოშობა დაკავშირებულია XVI ს. მეცნიერების – გ. აგრიკოლას (1494–1555) და ჟ. სკალიგერის (1540–1609) სახელებთან. 1550 გამოქვეყნდა გ. აგრიკოლას ნაშრომი „ხუთი წიგნი რომაელთა და ბერძენთა ზომებისა და წონის შესახებ“, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ მ-ს.

მ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს მატერ. კულტურის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და სოც.-ეკონ. ისტ. შესწავლის დროს. საზომი ერთეულები ისტ. უძველეს პერიოდში შეიქმნა. შრომის პროცესში ადამიანი დადგა საზომთა გამოყენების აუცილებლობის წინაშე. სამეურნეო ცხოვრების გართულება, საწარმოო ძალთა ზრდა იწვევდა საზომთა სისტემების განვითარებას. საზომთა სისტემები არსებობდა ძვ. ეგვიპტეში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში. კულტ. და ეკონ. კავშირები, დაპყრობითი ომები გავლენას ახდენდა მ-ის სფეროზეც.

ქართული მ-ის შესწავლის საქმეში ახალი ეტაპის დაწყება დაკავშირებულია ივ. ჯავახიშვილის სახელთან. ქართ. მ-ის წყაროა ნივთიერი და წერილობითი ძეგლები. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონს.

საქართველოში საზომი სისტემები, სავარაუდოდ, უძველესი ხანიდან არსებობდა. დადგენილია კავშირი ქართ. და ძვ. აღმოსავლეთის ხალხთა საზომ სისტემებს შორის. ელინისტური ხანის კოლხეთში გავრცელებული იყო გვიანდ. ანტიკური წონითი სისტემა, მაგრამ ძირითადი ცნობები ქართ. ზომა-წონის ერთეულების შესახებ გვაქვს IX ს-იდან. საქართველოში მრავალგვარი საზომი იყო გავრცელებული. საყოველთაოდ მიღებული ერთეულების გვერდით არსებობდა ადგილ. მნიშვნელობის საზომებიც. იზომებოდა სიმძიმე, ტევადობა და სივრცე. ამის მიხედვით ისინი 3 ჯგუფად იყოფა: საწონი,

საწყაო და საზომი, რ-ებიც მზადდებოდა ხისგან, თიხისგან, სპილენძისა და ტყავისაგან. ოფიციალურად მიღებული საზომი შემოწმებული, „გამოწყული“ უნდა ყოფილიყო. X–XI სს-ში თბილისში მათ სიზუსტეს თვალყურს ადევნებდა სპეც. მოხელე – მუჰთასიბი, ხოლო XVII–XVIII სს-ში – ქალაქის მოურავი და ნაცვალი. საუკუნეთა განმავლობაში ქართულმა საზომებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მმართველი ფენის პოლიტიკა განაპირობებდა საზომთა ცვლას. განსაკუთრებული ცვლილებები განხორციელდა XV–XVI სს-ში. ამ დროს ძველი გაქრა და შემოვიდა მრავალი ახ. საზომი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიტრა და მასზე დამყარებული საწყაოების სიდიდე.

რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოში სწრაფად გავრცელდა რუს. ზომა-წონის ერთეულები, თუმცა ქართ. საზომები მაინც არსებობდა. ზოგი მათგანი დღემდეა დაცული ყოფა-ცხოვრებაში.

თანამედროვე მ. მოიცავს მეცნიერებას ზუსტი გაზომვების შესახებ. მისი ამოცანაა კონკრეტულად შექმნას საზომი ერთეულები უზუსტესი ნიმუშების – ეტალონების სახით. საამისოდ მ. ამუშავებს გაზომვათა სპეც. მეთოდიკას, რ-იც საშუალებას იძლევა მივაღწიოთ სამეცნ. და პრაქტ. მიზნებისათვის აუცილებელ სიზუსტეს.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; თაბუაშვილი ა., მასალები XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, „თსუ საქართვ. ისტ. ინ-ტის შრომები“,  2016, [ტ.] 11; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925; ჯაფარიძე გ., ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძ