მეტროპოლიტენი

მეტროპოლიტენი (ფრანგ. metropolitain, სიტყვასიტყვით – დედაქალაქისა < ბერძნ. metropolis – მთავარი ქალაქი, დედაქალაქი), ქალაქის სამგზავრო ელექტრული ტრანსპორტის სახეობა. მ-ის რკინიგზის ხაზები გაჰყავთ მიწისქვეშა გვირაბებში, დედამიწის ზედაპირსა და ესტაკადებზე. მ-ის მატარებელი მოძრაობს სწრაფად, რეგულარულად (განრიგის მიხედვით) და გადაჰყავს დიდი რაოდენობით მგზავრი, რაც ხელსაყრელია დიდი ქალაქებისათვის. პირველი მ. ლონდონში ააგეს (1863), შემდეგ – ნიუ-იორკში (1868).

თბილისში მ-ის მშენებლობა 1952 დაიწყო, გაიხსნა 1966 წ. 11 იანვარს, 2017 კი მას 23-ე სადგური – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეემატა.

თბილისის მ-ს ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ის ყოველდღიურად 450-იდან 500 ათასამდე მგზავრს ემსახურება. ამჟამად დაგეგმილია მრავალი პროექტის განხორციელება თბილისის მ-ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მოძრავი შემადგენლობის სრულად განახლების მიზნით.

იხ. აგრეთვე თბილისის მეტროპოლიტენი.