მეტყევეობა, მეცნიერება ტყისა და მისი შემადგენელი სახეობების ბიოლოგიის, მათი არსებობა-განვითარებისა და გარემოსთან ურთიერთკავშირის შესახებ. იგი მიზნად ისახავს ბუნებრივი ტყის ზრდა-განვითარებას, მერქნის გამოყენებას, მისი წყალშემნახი, ნიადაგდაცვითი და კლიმატის მარეგულირებელი ფუნქციების შესწავლას. ტყე, თავის მხრივ, გეოგრაფიული ლანდშაფტის ძირითადი ელემენტი და ბიოსფეროს შემადგენელი არსებითი კომპონენტია.
მ. იყოფა 2 ნაწილად – ტყეთმცოდნეობად და თვით მ-დ. ტყეთმცოდნეობა ამ მეცნიერების თეორ. ნაწილია, ხოლო მ. – მისი გამოყენებითი ნაწილი. ტყეთმცოდნეობა შეისწავლის ტყის გავრცელების კანონზომიერებასა და მისი შემადგენელი ჯიშების ბიოლ. და ეკოლ. თავისებურებებს, დამოკიდებულებას გარემოსთან, ზრდის ფაქტორებთან: სინათლესთან, სითბოსთან, წყალთან, ნიადაგის საკვებ ნივთიერებებთან, ბიოტურ ფაქტორებთან; იკვლევს ტყის ეკოსისტემის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, განიხილავს ტყის განახლებასა და ფორმირებას, მის ტიპოლოგიას.
ძვირფასი და საუკეთესო თვისებების ღეროს მქონე ხეების გაზრდა მ-ის მთავარი ამოცანაა. აგებულების მიხედვით გამოიყოფა მარტივი (ერთსართულიანი ტყე, რ-ის ხეების ვარჯი ერთ სივრცეშია განლაგებული და ტყის საბურველის ჰორიზ. შეკრულობას ქმნის) და რთული ტყე (შედგება 2 ან მეტი სართულისაგან. ხეები სხვადასხვა სივრცეშია განლაგებული და ტყის საბურველის ვერტ. შეკრულობას ქმნის). ქვედა სართულში იზრდება ჩრდილის ამტანი სახეობები, ასევე მთავარი ტყის შემქმნელი სახეობების მოზარდი თაობა, რ-იც მომავალში შეცვლის ძვ. თაობის ხეებს და შექმნის ტყეს. აქვე იზრდება ქვეტყე, რ-იც ვეღარ შექმნის ტყეს, რადგან იგი ბუჩქებისაგან შედგება.
თვით მ-ის, ანუ გამოყენებითი მ-ის მთავარი მიზანია ტყის გაშენება, ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე, წარმადობის გაზრდაზე, რისი მიღწევაც შეიძლება ახალგაზრდა ან შუახნის, მჭიდრო ხეთადგომისა და შეკრული საბურველის მქონე ტყეში მოვლითი ჭრების ჩატარებით. იჭრება დაავადებული, ზრდაში ჩამორჩენილი იაფფასიანი ჯიშისა და უვარგისღეროიანი ხეები, რითაც უმჯობესდება ტყის სანიტ. მდგომარეობა, ხარისხი, მატულობს ზრდის ინტენსიურობა და ტყის წარმადობა. მოჭრილ ხეებს კი იყენებენ ჭიგოდ, შეშად, მასალად და სხვ. ტყე სიმწიფის (ხნოვანების) მიღწევისას იჭრება მერქნის მისაღებად, რასაც მთავარი სარგებლობის ჭრას უწოდებენ. გარდა მერქნის მიღებისა, ამ სახის ჭრებით ტყე ინარჩუნებს წყალშემნახ, ნიადაგდაცვის, ჰავის მარეგულირებელ ფუნქციებსა და ბუნებრივი განახლების უნარს.
საქართველოში მ-ის სასწ. კურსის კითხვა 1931 დაიწყო თბილ. სატყეო-ტექ. ინ-ტის მ-ის კათედრაზე. 1944 გამოქვეყნდა ვ. გულისაშვილის სახელმძღვანელო მ-ში, რ-იც შემდგომ კიდევ 3-ჯერ გამოიცა. 1945 დაარსდა სამთო მ-ის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-ის პირველი დირექტორი იყო ვ. გულისაშვილი, შემდეგ – გ. გიგაური. 2011-იდან ვ. გულისაშვილის სატყეო ინ-ტი საქართვ. აგრ. უნ-ტის შემადგენლობაში შევიდა. 2014-იდან სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრში ფუნქციონირებს აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყ-ბა, რ-ებიც ხელს უწყობენ მ-ის შემდგომ განვითარებას.
მ. ურთიერთკავშირშია ისეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, როგორებიცაა: დენდროლოგია, ნიადაგმცოდნეობა, ბოტანიკა, მცენარეთა ფიზიოლოგია, კლიმატოლოგია, გეოგრაფია და სხვ.
საქართვ. ტყის კოდექსის (2020 მიხედვით, მ. მოიცავს ყველა მიმართულებასა და ღონისძიებას, რ-იც დაკავშირებულია ტყის დაცვა- აღდგენასთან, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება-გაუმჯობესებასთან, მართვასთან. მ-ის მიზანია უზრუნველყოს ტყიდან ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოც. სარგებლობის მიღება, მისი ფლორისა და ფაუნის, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნება და სხვ.
ლიტ.: გულისაშვილი ვ., ზოგადი მეტყევეობა, წგ. 1–2, თბ., 1974–75; საქართველოს კანონი. საქართველოს ტყის კოდექსი, თბ., 202).
ვ. გულისაშვილი
გ. ჯაფარიძე
ლ. დოლიძე