მეტყველება

მეტყველება, 1. ლაპარაკი, საუბარი, რომლის საშუალებითაც მყარდება ურთიერთობა. 2. მ. განისაზღვრება როგორც ენის (Langue), ანუ ენობრივი სისტემის, სამეტყველო რეალიზაცია. იგი ფსიქო- ფიზიკური ფენომენია, რ-ის მეშვეობითაც ხდება ენის სისტემის აქტუალიზაცია საკომუნიკაციო აქტებში. მ. გამოიყენება ინდივიდუალურად, კონკრეტულია და წარმოიქმნება ენის სისტემაში არსებული კოდის საფუძველზე.

მ-ის, როგორც ლინგვისტიკური ცნების, გამოცალკევებასა და მის ცალკე შესწავლას საფუძველი დაუდო ფ. დე სოსიურის მიერ ენისა (Langue) და მეტყველების (parole) ერთმანეთთან დაპირისპირებამ, რამდენადაც სხვა ევრ. ენების შესაბამისი ტერმინები – Sprache – Rede  (გერმ.) ან Language – Speech (ინგლ.) არ გამოხატავს ზუსტად იმ აზრს, რ-საც სოსიური გულისხმობს ცნებების დიქოტომიაში. ეს ტერმინები სხვადასხვა ენაში ძირითადად სწორედ ფრანგ. ვარიანტით გამოიყენება. უფრო გვიან შემოვიდა ტერმინები „კომპეტენცია“, „ცოდნა“ (competence) და „ქმედება“, „გამოყენება“ (vs performance) (ნ. ჩომსკი), რ-ებიც ამავე დაპირისპირებას ასახავს, თუმცა უფრო შეზღუდულად, მაგრამ მაინც იხმარება Langue და parole-ის სანაცვლოდ.               

ის მახასიათებლები, რ-ებითაც მ. უპირისპირდება ენას, ფ. დე სოსიურის მიხედვით შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ენა არის სისტემა, მიმართებათა აბსტრაქტული კოდი, რ-იც სოც. იმპერატივს წარმოადგენს. იგი საფუძვლად უდევს მოცემული ენის ყველა გამონათქვამს. კონკრეტული სამეტყველო მოქმედების ყოველი კონკრეტული შემთხვევა ემყარება და ასახავს ენის ზოგად (აბსტრაქტულ) სისტემას. მ. ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ (ფ. დე სოსიური), თანდაყოლილ (ნ. ჩომსკი) უნარს, შეისწავლოს ესა თუ ის ენა და საკომუნიკაციოდ გამოიყენოს იგი. ამ თვალსაზრისით ენა და მ. ქმნიან ერთ მთლიანობას, რ-იც თავისი მახასიათებლებით ადამიანისათვის სპეციფ. ფენომენია.        

 მ-ში არაფერია კოლექტიური. მისი გამოვლენა ინდივიდუალობითა და სიტუაციით არის განპირობებული. ამდენად, იგი სიტუაციური ოდენობა და ერთჯერადი (ერთეული) მოვლენაა. ამ თვალსაზრისით მ. ვარიანტულია, ხოლო ენა – ინვარიანტული. მ. არის ინდივიდის ნებელობის აქტი, რაც ხორციელდება ენის ერთეულთა კომბინაციის საშუალებით; მ. წრფივია, ენა კი – სისტემური და იერარქიული, მ. აქტიურია და დინამიკური, ენა კი – სტატიკური. ენა, როგორც აბსტრაქტული ოდენობა, მხოლოდ მ-ის კონკრეტულ, ინდივიდუალურ, სუბიექტურ აქტში პოვებს თავის საბოლოო განსაზღვრულობას (ვ. ფონ ჰუმბოლდტი).         

ვითარებასა და სიტუაციასთან მჭიდრო კავშირის გამო სამეტყველო გამონათქვამები შეიძლება შეფასდეს ჭეშმარიტებისა და სიყალბის კრიტერიუმებით; ენა ამ კრიტერიუმებით ვერ შეფასდება. მ.  მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია. იგი არის ერთდროულად ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური და ა. შ. მოვლენა. მ-ის სხვადასხვა ფუნქციურ ტიპს განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაცია და მოლაპარაკეთა მიზნები.

ისტორიულად მ. ყოველთვის წინ უსწრებს ენას – ბავშვი მშობლიურ ენას სწავლობს მხოლოდ მშობლების მ-ის მოსმენით.

მ. შეისწავლება სოციოლოგიის (F.Heider), ფსიქოლოგიის (Ch. Schmidt, I. Schlesinger), ფილოსოფიის (J. Austin, J. Searle… ), ხელოვნური ინტელექტის (F. Bruce, J. Allen… ) და სხვ. ასპექტებით.

მ-ის შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა პრაგმატიკას, როგორც ენობრივი ანალიზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს თანამედროვე ენათმეცნიერებაში. პრაგმატიკა მას განიხილავს მიზნებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. მ-ის შესწავლის აუცილებლობამ ჩამოაყალიბა თანამედროვე ენათმეცნიერების ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგი, როგორიცაა ტექსტის ლინგვისტიკა (დისკურსის ანალიზი); შეიქმნა სამეტყველო აქტების თეორია.                          

ლიტ.: შარაძენიძე თ., ენისა და მეტყველების ურთიერთობის პრობლემა, თბ., 1974; ჩიქობავა ა., ზოგადი ენათმეცნიერება, [ტ.] 2-ძირითადი პრობლემები, თბ., 1983; Гардинер А., Различие между „речью“ и „языком“. – წგ.: Звегинцев В. А., История языкознания XIX–XX веков в очерках и извлечениях, ч. 2, М., 1965; Гумбольдт В. фон, Избранные труды по языкознанию, пер. с нем., М., 1984; Chomsky N., Language and Mind, N.-Y. 1972: Dressler W., Einführung in die Textinguistik, Tübingen, 1972; Levinson St. C., Pragmatics, Cambridge, 1983., Searle J. R. Speech Acts, Cambridge, 1969.

ნ. შენგელაია