მეტყველების ფსიქოლოგია, ენათმეცნიერებისთვის მეტყველება ენის პრაქტიკული გამოყენების ფორმაა, ფსიქოლოგიისთვის კი – ადამიანის მოქმედება, რ-ის ფუნქციაა ენობრივი ბგერითი თუ გრაფიკული ნიშნებით ერთმა ადამიანმა სხვას გადასცეს ინფორმაცია საგანისა თუ მოვლენის შესახებ.
ადამიანის ენობრივი ჩვევების სისტემას შეისწავლის მეცნ. დამოუკიდებელი დარგი – ლინგვისტიკა (ენათმეცნიერება). ენის ნიშანთა სისტემას და მის როლს ადამიანის ფორმირებაში ყურადღებას უთმობდნენ ყველა დროის მოაზროვნეები. ლინგვისტიკისა და სხვა დარგების თანაკვეთაზე XX ს. II ნახ-ში გაჩნდა დარგები: ფსიქოლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ნეიროლინგვისტიკა, კოგნიტური ლინგვისტიკა, პერცეფციული ფონეტიკა და ა. შ. იმდენად მჭიდროა კავშირი ლინგვისტიკასა და ფსიქოლოგიას შორის, რომ მეცნ. ფსიქოლ. ფუძემდებელი ვ. ვუნდტიც კი ენას ხალხთა ფსიქიკის პროდუქტად მიიჩნევდა და ენობრივ ფაქტებს ფსიქოლ. ახსნას უძებნიდა. სწორედ მეტყველება, როგორც ენობრივი ქცევა, აახლოებს ენათმეცნიერებას და ფსიქოლოგიას ერთმანეთთან. ენა, როგორც ჩვევათა სისტემა, განსაზღვრავს მეტყველებას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქცევას განსაზღვრავს მის საფუძვლად არსებული ჩვევები.
მ. ფ-ში განარჩევენ ზეპირ, წერით, ეგოცენტრულ, შინაგან, ყრუ-მუნჯთა დაქტილოლოგიურ (ბერძნ. δάκτυλος [daktylos] — „თითი“) მეტყველებას, ასევე მეტყველებას ხელოვნური სიმბოლოებით (მორზეს ანბანი, შიფრი და ა. შ.) და სხვ.
ჩამოთვლილი ფორმებიდან ფსიქოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შინაგანი და ეგოცენტრული მეტყველება. შინაგანი მეტყველების თავისებურებაა ის, რომ იგი აღმოცენდება აზროვნების დროს და მიმდინარეობს გარე მანიფესტაციის გარეშე. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელმა ჯ. უოტსონმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა აზროვნებაში შინაგანი მეტყველების მონაწილეობა.
ეგოცენტრული მეტყველებისას ადამიანი არავის მიმართავს და ლაპარაკობს პარტნიორის გარეშე. ეგოცენტრული მეტყველება, ძირითადად, დამახასიათებელია ბავშვისთვის მეტყველების დაუფლების საწყის ეტაპებზე. ცნობილ შვეიცარიელ ფსიქოლოგს, ჟ. პიაჟეს მიაჩნდა, რომ ეგოცენტრული მეტყველების მიზეზია ბავშვის ეგოცენტრული აზროვნება, რ-საც გარემო არ აინტერესებს. საყურადებოა, რომ ეგოცენტრული მეტყველება მოზრდილსაც ახასიათებს.
ნებისმიერი ფორმის მეტყველების დროს იქმნება სამეტყველო ტექსტი (ლათ. textus – ნაჭერი, ქსოვილი, შეხამება და ა. შ.), რ-იც დაყოფილია ტექსტურ მონაკვეთებად. ენობრივი ჩვევები, ძირითადად, წინადადების აგების წესებზეა დაფუძნებული.
წინადადება შედგება სიტყვებისგან, სიტყვები ზეპირ მეტყველებაში შედგება ბგერებისგან, წერითში კი – ასოებისგან. ყველა ეს ელემენტი განლაგებულია წინადადებაში და ექვემდებარება გრამატიკის კანონებს, ანუ გრამატიკულ ჩვევებს, რ-ებსაც ადამიანი, როგორც წესი, ვერ აცნობიერებს. ეს ჩვევები იერარქიულად მოქმედებს წინადადების წარმოთქმის ან აღქმისას. სინტაქსური ჩვევების ალგორითმს სწავლობს გენერაციული (ტრანსფორმაციული) გრამატიკა, რ-საც საფუძველი ჩაუყარა ნ. ჩომსკიმ. ამასთანავე ის მონაწილეობდა კოგნიტური ფსიქოლ-ის შექმნაში. XX ს. 60-იან წლებში შეიქმნა ფსიქოლინგვისტიკის დარგი, რ-იც კიდევ ერთხელ მიუთითებს ლინგვისტიკისა და ფსიქოლოგიის მჭიდრო კავშირზე.
საქართველოში მეტყველებისა და ენის ფსიქოლოგიის შესწავლას დიდი ტრადიცია აქვს, რ-საც საფუძველი ჩაუყარა ქართ. ფსიქოლ. სკოლის დამაარსებელმა დ. უზნაძემ. იგი ლაიპციგში ფილოს. ფაკ-ტზე სწავლობდა და ფსიქოლოგიას ვ. ვუნდტი უკითხავდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დ. უზნაძე აქვეყნებდა ფილოს. წერილებს. თსუ-ის გახსნის შემდეგ (იყო მისი ერთ-ერთი დამაარსებელი), იგი სათავეში ჩაუდგა ფსიქოლ. სწავლებას და დაიწყო მუშაობა ფსიქოლ. პრობლემებზე, რ-საც შედეგად მოჰყვა განწყობის თეორიის შექმნა.
დ. უზნაძის ერთ-ერთი პირველი ფსიქოლ. ნაშრომი იყო 1923 გამოცემული „სახელდების ფსიქოლოგიური საფუძვლები“, რ-ითაც მან ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ აღმნიშვნელს და აღსანიშნს შორის განწყობისეული მსგავსებაა და მათი ფსიქოლ. კავშირი არაა შემთხვევითი, როგორც ამას ლინგვისტური კონვენციონალიზმი ამტკიცებს. მოგვიანებით ეს მიმართულება მონოგრაფიული კვლევით განავითარა ა. ბაინდურაშვილმა.
1923 დ. უზნაძემ გამოაქვეყნა სტატია „Impersonalia“, სადაც უპირო ზმნის ანალიზით დაასაბუთა გაუპიროვნებელი ფსიქიკურის არსებობა, როგორადაც მას იმხანად მიაჩნდა განწყობა. „Impersonalia“ მოიხსენიება იმ ნაშრომებს შორის, რ-ებითაც საფუძველი ჩაეყარა განწყობის ფსიქოლოგიას. ენობრივ ფორმათა საშუალებით ფსიქიკური ფორმების დადგენის უზნაძისეული მიმართულება აღარ გაგრძელდა.
დ. უზნაძემ 1927 გამოაქვეყნა ნაშრომი „მნიშვნელობის წვდომის პრობლემისათვის“, სადაც მოტანილი იყო ცდების მასალა, რ-ის საფუძველზეც მან შეისწავლა საგნობრივი მნიშვნელობის წვდომა და დაადგინა განწყობის არსებობა. ეს ცდები ჩატარებული იყო იმავე მეთოდოლოგიით, რითაც ვიურცბურგელები შეისწავლიდნენ ტექსტისა და სიტყვის ფსიქოლ. ეკვივალენტს და რასაც მათ განწყობა უწოდეს. საგნობრივი და ენობრივი მნიშვნელობების განწყობისეული გააზრების ეს უზნაძისეული ხაზი მონოგრაფიულად დაამუშავა დ. რამიშვილმა სადოქტორო ნაშრომში „მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ“ და ქართულ მასალაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ადამიანს სიტყვის ცნობიერი დეფინიციის მოცემა არ შეუძლია, მაგრამ უშეცდომოდ ხმარობს სიტყვას, რ-იც მის განწყობისეულ ბუნებაზე მიუთითებს.
1947 დ. უზნაძემ გამოაქვეყნა საეტაპო ნაშრომი „ენის შინაფორმა,“ სადაც ჰუმბოლდტს ეკამათებოდა ენის შინაფორმის გააზრებაზე. ასეთად დ. უზნაძეს მიაჩნდა განწყობა, რ-იც საფუძვლად უდევს ყველა მეტყველების პროცესს და წარმოადგენს სხვადასხვა სამეტყველო კომპონენტის ფსიქოლ. მექანიზმს. ქართ. ფსიქოლ. ენის პრობლემებზე ჩატარებული ყველა გამოკვლევა ეყრდნობა უზნაძის ამ ნაშრომს.
ცნებისა და კლასიფიკაციის დაუფლების სხვადასხვა საკითხს დიდი ადგილი ეკავა რ. ნათაძის ნაშრომებში, სადაც ის ექსპერიმენტულად ადასტურებდა კონტექსტის განმაწყობელ გავლენას ამ პროცესებზე. ასოების კითხვის პროცესში განწყობის მექანიზმი მონოგრაფიულად შეისწავლა ზ. ხოჯავამ. ასო-ნიშნის აღქმა თვისებრივი მასალაა. განწყობის ფსიქოლოგიაში საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ასიმილაციური ილუზიების დომინირებას ზ. ხოჯავას ცდის შედეგებში, რ-ითაც დასაბუთდა ასიმილაცია განწყობის მოქმედებაში. მეორე მხრივ, მისი გამოკვლევებით ცხადი გახდა, რომ ასო-ნიშნის აღქმა ხდება განწყობის მექანიზმით, რაც სავარაუდოს ხდის მექანიზმის მოქმედებას ყველა ენობრივ ჩვევაში.
ტექსტის კითხვის დროს განწყობის გადანაცვლებას და ობიექტივაციას იკვლევდა ნ. ელიავა. მან ექსპერიმენტით დაასაბუთა, რომ ტექსტში ლექსიკური ერთეულების აღმოცენება განწყობის მექანიზმით ხორციელდება. ფსიქოლ. ცნებების კვლევა და ანალიზი განახორციელა ა. ფრანგიშვილმა. მისი თეორ. ნაშრომები ფსიქოლ. და ლინგვისტიკის გადაკვეთაზე ჩატარებული გამოკვლევებია.
მონოლინგვური და ბილინგვური მეტყველებისა და წერა-კითხვის განვითარებას ინტენსიურად იკვლევდნენ ა. ავალიშვილი, ა. მოსიავა, ე. თაბუკაშვილი, ნ. მდივანი, ნ. ნასრაშვილი, ნ. ჭრელაშვილი. მეხსიერებაში სიტყვის როლს იკვლევდა ე. კეჟერაძე. ბილინგვიზმის ფსიქოლ. მექანიზმები და მათი განვითარება შეისწავლეს ე. აბაშიძემ, შ. ნადირაშვილმა, ა. ალხაზიშვილმა, რ. საყვარელიძემ. ბილინგვიზმის კვლევაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ნ. იმედაძეს. ფსიქ. თუ ფიზიოლ. აშლილობის პირობებში მეტყველებას იკვლევდნენ ი. ბჟალავა, მ. საყვარელიძე, ე. ვაჩნაძე, ზ. გაბაშვილი. სიტყვათა კონტამინაცია, სუბსტიტუცია, მეტყველების შეცდომები და შინაგანი მეტყველება შეისწავლა გ. მჭედლიშვილმა, მეტყველების კულტურის ფსიქოლ. საკითხები კი – შ. ნადირაშვილმა, წინადადებების გაუცნობიერებელი გრამატიკული ნიშნებით სოციალ. განწყობის ამოცნობისა და ფორმირების შესაძლებლობა დაამტკიცა რ. მშვიდობაძემ.
ლიტ.: რამიშვილი დ., მეტყველების ფსიქოლოგიური პრობლემა, „ფსიქოლოგია“, 1962, ტ. 13; უზნაძე დ., Impersonalia. „ჩვენი მეცნიერება“, 1923, №1; მისივე, ენის შინაფორმა, „ფსიქოლოგია“, 1947, ტ. 5; Scovel T. Psycholinguistics Oxford University Press, 1998.
რ. მშვიდობაძე
რ. საყვარელიძე