მეუდაბნოეობა

მეუდაბნოეობა, განდეგილობა, ასკეტური მოღვაწეობის ფორმა, რომლის დროსაც ქრისტიანი ბერი სულიერ ცხოვრებას განმარტოებით ეწევა (უდაბნოში, მთაში, ტყეში და ა.შ.).  მ. სხვადასხვა  სახის იყო. იყვნენ სენაკში მცხოვრებნი, დაყუდებულნი, მესვეტენი და ა. შ.  ქრისტიანობის დევნის დროს მრავალი მორწმუნე თავს აფარებდა უდაბურ ადგილებს, დევნის შეწყვეტისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ კი მ-ის მიზეზი ამქვეყნიური საცდურისაგან თავის დაღწევა და მიუვალ ადგილებში დამკვიდრება გახდა. პირველი მეუდაბნოე ბერები ეგვიპტის უდაბნოებში მოღვაწეობდნენ. მ. გავრცელდა პალესტინაში, კაბადოკიაში, გალიაში, ესპანეთსა და იტალიაში. შემდგომ საუკუნეებში მ. ნელ-ნელა შეავიწროვა სამონასტრო (კინობიტური) ბერმონაზვნურმა ცხოვრების წესმა, თუმცა

მ. არ გამქრალა ანაქორეტული (განდეგილური) წესით მცხოვრები მოღვაწენი დღესაც არიან, მ.შ. საქართველოშიც.

                                                              ზ. ეკალაძე