მეუნარგია პეპუ

მეუნარგია პეპუ (დ. წ. უცნობია, – 1851, ცაიში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ოქრომჭედელი. ძვ. ქართ. ჭედური ხელოვნების უკანასკნელი წარმომადგენელი. ქართ. ჭედური ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნა თავისი დროისათვის მნიშვნელოვანი ჭედური ძეგლები. მ-ს ნამუშევრებიდან ცნობილია 1849 მისივე ხელმოწერით  შექმნილი მარტვილის მაცხოვრის დიდი ჭედური ხატი (დაცულია  შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში), აგრეთვე სოფ. აიას წმ. გიორგის შედარებით პატარა ხატი. გარდა ამისა, მის ნამუშევრებად მიიჩნევენ წალენჯიხისა და ცაიშის (1843) ჭედურ ხატებს, რ-ებზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი, აგრეთვე სოფ. ორბელის მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატს (1837). ამ ნამუშევრების გარდა, ცაიშის ეკლესიაში ინახებოდა მის მიერ ხელმოწერილი ჯვარი და 2 სამწერობელი. 1839 ოქრომჭედლობის დარგში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის მეფის მთავრობამ იგი მედლით დააჯილდოვა.