მეურვეობა

მეურვეობა, იმ პირის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის ფორმა, რ-იც ასაკის გამო საჭიროებს დახმარებას საკუთარი უფლებებისა და ინტერესების განსახორციელებლად. უწესდება 7 წლის ასაკამდე ბავშვს, რ-იც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო. 7-იდან 18 წლამდე ბავშვზე კი წესდება მზრუნველობა.

ისტორიულად, რომის სამართალში, მ-ის ფორმა იყო twtela legitima, რ-ის თანახმად, ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვნებსა და ქალებს მეურვედ ოჯახის უახლოეს ნათესავს უნიშნავდნენ. მეურვეს ნიშნავს მ-ისა და მზრუნველობის ორგანო  – სსიპ სახელმწ. ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მ-ის დაწესებიდან ერთი თვის განმავლობაში.

მეურვის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, მოვალეობის შესრულების უნარი. სამეურვეო პირთან დამოკიდებულება, სამეურვეო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება. მეურვედ არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რ-საც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან გათავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

მეურვის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.

მეურვე შეიძლება იყოს სამეურვეო პირის  კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში.  მას უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მ-ში მყოფი ბავშვის დაბრუნება ნებისმიერი პირისგან, რ-იც ბავშვს კანონიერი საფუძვლის გარეშე თავისთან ამყოფებს.

მეურვე ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები, ცხოვრობდეს სამეურვეო პირთან ერთად. მეურვე ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობოს მ-ისა და მზრუნველობის ორგანოს.

მეურვე სამეურვეო პირის სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს. მ-ისა და მზრუნველობის

ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, რ-იც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზ-ბაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას ან ქმედებას, რ-საც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.

სამეურვეო პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადება არ შეიძლება.

ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე.

მ. შეწყდება სამეურვეო პირის გარდაცვალების შემთხვევაში; ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევისას ან მშობელის უფლება-მოვალეობების აღდგენისას.

ი.  უჯმაჯურიძე