მეფეთა დივანი

„მეფეთა დივანი“, აფხაზეთის (დას. საქართველოს) მეფეთა ნუსხა (სია). დოკუმენტი აღმოაჩინა და შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. ტექსტი იყოფა სამ ნაწილად: შესავალი ეკუთვნის ბაგრატ „აფხაზთა მეფის“ ძეს – კონსტანტინეს (ბაგრატ V-ის ძე; ე. თაყაიშვილი), სადაც მითითებულია, რომ ქუთაისის საჭურჭლეში ნანახი დაძველებული საბუთი მან ხელახლა გადააწერინა. მეორე ნაწილია ბაგრატ III-ის მიერ შედგენილი მეფეთა ნუსხა. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ბაგრატ III-ისა და გიორგი I-ის მეფობის ხანგრძლივობა (მიმატებულია შემდგომ  „ქართლის ცხოვრების“ ცნობების მიხედვით, ე. თაყაიშვილი). „მ. დ-ში“ დასახელებულია 22 მეფე – პირველი მეფე ანოსიდან გაერთ. საქართვ. პირველ მეფემდე, ბაგრატ III-მდე (975–1014). აღნიშნულია მათი მეფობის რიგი და ნათესაობა (შვილი, ძმა). მეთერთმეტე მეფიდან – ლეონ I-იდან მოყოლებული მითითებულია თითოეულის მეფობის ხანგრძლივობაც. ე. თაყაიშვილის ვარაუდით, „მ. დ.“ უნდა იყოს ე. წ. „აფხაზეთის ისტორია“, რ-ითაც უსარგებლია იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს თავისი „იერუსალიმის პატრიარქთა ისტორიის“ შედგენისას. 

ძეგლი მოღწეულია XVIII ს. ნუსხით. დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.

ლიტ.: გლოველი შ., „მეფეთა დივანი“ როგორც საისტორიო წყარო, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, 2009, №11; თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა..., მის წგ.: საისტორიო მასალანი, ტფ., 1912.

კ. იგოლია