მეფერტი ბორის თედორეს ძე

მეფერტი ბორის თედორეს ძე [29.VI (11.VII). 1878,  სტავროპოლი, – 5.VIII. 1937, ორენბურგი], გეოლოგი, მკვლევარი. 1908 დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინ-ტი. 1908–35 მუშაობდა გეოლ. კომიტეტის კავკ.  სექციაში.  1935–37 იყო სსრკ მეცნ. აკად. ყაზახეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ალმა-ათა) გეოლოგი და ადგილ. სამთო ინ-ტის გეოლ. კათედრის ხელმძღვანელი. 1923–31 მ-მა ერთვერსიანი მასშტაბით აგეგმა დას. საქართვ. დიდი ნაწილი (ზემო იმერეთი, ქვემო რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია, აჭარა), აგრეთვე ახალციხის აუზი, ჯავახეთი, ნაწილობრივ – თრიალეთი, რითაც ახალი საფუძველი ჩაუყარა ამ რეგიონების გეოლოგიურ კვლევას. მ-მა ფაუნისტურად დაასაბუთა ა. ჯანელიძის შეხედულება დას. საქართვ.  პორფირიტული წყების ბაიოსური ასაკის შესახებ, დაადგინა ოკრიბის ბათური ნალექების თანმიმდევრობა და ასაკი, მნიშვნელოვნად დააზუსტა ცარცული სისტემის სტრატიგრაფია, შეიმუშავა პალეოგენური და ნეოგენური ნალექების დანაწილების იმ დროისათვის საკმაოდ სრულყოფილი სქემები, პირველმა სცადა დას. საქართველოს ტექტონიკური დარაიონება და არსებითი ცვლილებები შეიტანა აღნიშნული რეგიონების გაშიფვრაშიც.

გ. ლობჟანიძე