მეფისაშვილი რუსუდან (რუდა) სამსონის ასული (4. IX. 1913, ესენტუკი, რფ, – 30.I.2002, თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1982). დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). 1941–2002 მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. მ-ის ნაშრომები ეძღვნება შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრებას. მას არაერთი მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული ცალკეული ქართ. არქიტ. ძეგლებისა და ზოგადად ქართ. ხელოვნების შესახებ, მ. შ. ვალეს ღვთისმშობლისა და ერედვის წმ. გიორგის ტაძრებზე, ერედვისვე „ბერების საყდარსა“ და სხალთის ეკლესიაზე, ბიეთის IX ს. ნახევრად გამოქვაბულ ეკლესიაზე. საგანგებოდ აღსანიშნავია ვრცელი ნაშრომი გელათის მონასტრის შესახებ (1966). ფართოდაა ცნობილი მისი (ვ. ცინცაძესთან ერთად) ნაშრომები – „Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли“ (1975) და „Georgien, Wehzbauten und Kizchen, Leipzig“ (1987). მ. მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის საქმიანობასთან. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართვ. ძეგლთა დაცვის მთ. სამეცნ.-საწარმოო სამმართველოსთან (1974–76 იყო სამეცნ. მეთოდური საბჭოს წევრი). მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში. 2015 თბილ. ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.
თ. გერსამია