მეფუტკრეობა

მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რ-ის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების – თაფლის, ცვილის, ფუტკრის რძის,  დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის  ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

საქართველოში მ-ის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV ს. ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის – ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მ-ის 3 ფორმა: ტყიური ანუ ველური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მ-ის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართვ. მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. ასევე გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რაც გულისხმობდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ  შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ, მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა. იშვიათად ტყიური ფუტკრის  ოჯახი შინ მიჰყავდათ, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას  ისახავდა მიზნად.    გურიასა და აჭარაში არსებობდა მ-ის ისეთი ფორმაც, როცა ფუტკრის  სისტემატური ექსპლუატაცია  ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.

საქართველოში მ-ის გავრცელებული ფორმა იყო შინაური მ., რ-იც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მ-ის ისტორია მოიცავს 3  პერიოდს: 1. ველურ ფუტკარზე ნადირობის; 2. პრიმიტ. მეხეურ-გეჯურ მ-ის; 3. კულტ. მ-ის.     მ-ის სამეცნ. დარგად  ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის, პ. პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა (1814) და ჩეხი  მეფუტკრის, ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის  გამოგონებამ (1865), აგრეთვე ფ. იუბერის, ი. ჯერზონისა,  ი. სვამერდამისა და სხვათა  გამოკვლევებმა. 1897 შვეიცარიელი., ფრანგი და ინგლ. მეფუტკრეების ინიციატივით შეიქმნა საერთაშ. ფედერაცია „აპიმონდია“, რ-იც 2-3 წელიწადში ერთხელ აწყობდა საერთაშ. კონგრესსა და სიმპოზიუმებს. მისი ხუთენოვანი პერიოდული ჟურნ. „აპიაკტა“  აშუქებდა მ-ის აქტუალურ საკითხებს და აწარმოებდა  სამეცნ.-ტექ. ინფორმაციის გაცვლას.

XIX ს-ში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ი. წინამძღვრიშვილის მიერ სოფ. წინამძღვრიანთკარში დაარსებული სას.-სამ. სკოლა. 90-იან წლებში თბილისში გაიხსნა ამიერკავკ. მეაბრეშუმეობისა და მ-ის საცდელი  სადგური, სადაც  მკვლევრებმა – კ. გორბაჩოვმა და ნ. შავროვმა საფუძველი ჩაუყარეს კავკ.  ფუტკრის  შესწავლას. მათი  საქმიანობა განაგრძეს  ქართვ. მეფუტკრეებმა: ლ. ერისთავმა, პ. ლოლაძემ,  ს. ჟღენტმა,  ი. გაბუნიამ,  მ. ლეკიშვილმა,  ქ. ყანჩაველმა და სხვ. ა. წულაძემ 1910 დაწერა მ-ის პირველი ქართ. სახელმძღვანელო. 1976 საქართველოში შეიქმნა მ-ის სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება, რ-ის  სამეცნ.  ნაწილს შეადგენდა  საცდელი სადგური თავისი განყ-ბა-ლაბორატორიებითა და  საყრდენი პუნქტებით,  ხოლო საწარმოო ნაწილს – ქართ. ფუტკრის სანაშენეები, რ-თა  პროდუქცია დედა ფუტკრებისა და ამანათნაყრების სახით იგზავნებოდა სსრკ-ის რესპუბლიკებსა და  უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. გაერთიანებას ჰქონდა მ-ის ინვენტარის საწარმოო კომბინატი.  საქართველოში მ-ს აქვს  სანაშენე, სადამტვერვო და  პროდუქტიული მიმართულებები. სანაშენე მიმართულების საფუტკრეები გვხდება დას.  საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, იმერეთი), სათაფლე-პროდუქტიული – კახეთსა და  მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო სადამტვერვო – ქართლში.

ქართ. ფუტკრის ხორთუმის სიგრძე (7 მმ), თვინიერება,  მაღალი პროდუქტიულობა  განაპირობებს განსაკუთრებულ ინტერესს მის მიმართ.    შეიქმნა საჯიშე მეურნეობები (ყვარელი,  დუშეთი,  ხარაგაული,  სამტრედია, სოხუმი და მუხური); ქართ.  ფუტკრის რვა შესწავლილი პოპულაციიდან მნიშვნელოვანია მეგრული, გურული, ქართლური და აფხაზური.

90-იანი წლებიდან ქვეყანაში თითქმის მთლიანად მოიშალა დარგში ჩამოყალიბებული სტრუქტურა, მ. კვლავ გადავიდა წვრილფერმერულ და საკარმიდამო  წარმოებაზე; შესაბამისად დაიკარგა უცხოური  ბაზარი.

დღეს ქართ. (რუხი) ფუტკრის  ადრინდელ საარსებო  სივრცეებში ძირითადად  მოყვითალო ფუტკარია გავრცელებული. 2013  ჩატარებული საექსპედიციო  კვლევით,  ჩხოროწყუს მუნიციპ-ის საფუტკრეებში რუხი ფუტკრის სულადობა 7–8%-ს  შეადგენდა, 2015 კი – 3–4%-ს. 2015  სოფლის  მეურნეობის  სამეცნ.-კვლ. ცენტრში დაიწყო  მუშაობა პროექტზე „ქართული ფუტკრის პოპულაციების  (მეგრული,  გურული, ქართლური) იდენტიფიცირება და  სანაშენე  მეურნეობის  განვითარების  ხელშეწყობა“. კვლევის მიზანია ქართ. ფუტკრის ძირითადი პოპულაციების  გენოფონდის ხალასად  შენარჩუნება  სასელექციო სამუშაოების ჩატარების გზით, სამეცნ.  ბაზის შექმნა  სანაშენე  მეურნეობისათვის, ქართ. ფუტკრის  გენეტიკური პასპორტიზაცია, მისი პოპულარიზაცია და  გავრცელება ქვეყნაში და მის  ფარგლებს გარეთ. 2015–17  ჩხოროწყუს მუნიციპ-ში, ქართ. ფუტკრის  მეგრული პოპულაციის  გადარჩენის მიზნით ჩატარდა  მუხურის ყოფ.  საჯიშე  მეურნეობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „თაფლის შესახებ  ტექნიკური რეგლამენტის  დამტკიცების თაობაზე“ 2015 საქართვ. მთავრობის დადგენილების შედეგად მოწესრიგდა  ბიზნესოპერატორების მიერ  თაფლის  წარმოებისა და  ბაზარზე  განთავსების საკითხები. 2016 ევროკავშირმა  საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც ნიშნავს საქართველოდან თაფლის  ექსპორტის  დაშვებას. მსოფლიო ბაზარზე  დღითიდღე იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის,  ეკოლოგიურად სუფთა ბიოთაფლზე. ჯარას  თაფლს,  ბუნებრივი  ფიჭით, პოტენციალი აქვს გახდეს  კონკურენტული  საერთაშ.  ბაზარზე. ჯარას  მეფუტკრეთა  ასოციაციის  მხარდაჭერით, 2020  პირველად საქართველოში ჯარას ოცდაერთი მეფუტკრე გახდა ბიოსერტიფიცირე-ბული. 2021-ში თაფლის ექსპორტმა 117 მიაღწია, მზარდი ტენდენცია  შეინიშნება  შემდგომი წლების  მონაცემებშიც.  შეიქმნა მაჭახელის,  ნინოწმინდისა და  მუხურის ბრენდირებული  თაფლი. საქართვ. გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ლაბორ-ში შესაძლებელია ყველა  კვლევის  ჩატარება, რაც აუცილებელია  ევროკავშირის  ბაზარზე  თაფლის ექსპორტისათვის. დღეისათვის  მ-ის  პროფილით მოქმედებს 245  კოოპერატივი. მ-ის   განვითარების პროცესს ხელს უწყობს  საქართვ. სოფლის  მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი.

ა. ხიდაშელი

მ. ქანთარია

ნ. მაისურაძე