მექვიშია ღორჯო (Neogobius fluviatilis, Pallas, 1814), თევზი ღორჯოსებრთა ოჯახიდან (Gobiidae).მისი სიგრძეა 7–10, იშვიათად 20 სმ, მასა – 50 გ.
შეფერილობით მოყავისფრო ან მოყვითალო-ნაცრისფერია ღია მოყავისფრო ლაქებით, ცოცხლობს დაახლ. 5 წელი, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლისა, ტოფობს აპრილიდან ივლისამდე, ქვირითს ყრის წელიწადში ერთხელ ქვიშიან ადგილებში (ნაყოფიერება – 730–1950 ქვირითი). ბინადრობს ქვიშიან სანაპირო ზოლში. გამოსაზამთრებლად შედის ზღვის სიღრმეში. იკვებება უმთავრესად კიბოსნაირებით, ჭიებით, ქირონომიდებით, მოლუსკებით, ზოგჯერ თევზებითაც.
გავრცელებულია შავ, აზოვისა და მარმარილოს ზღვებში. საქართვ. შავი ზღვის სანაპიროსთან გვხვდება ყველგან, ასევე მდ. რიონში, პალიასტომის ტბაში. შავ ზღვაში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას.
ნ. ნინუა