მეღვინეთუხუცესი კონსტანტინე ვასილის ძე

მეღვინეთუხუცესი კონსტანტინე ვასილის ძე (27. XI. 1891. სოფ. ხიდისთავი, ახლანდ გორის მუნიციპალიტეტი, – 30. XI. 1972, თბილისი), კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართ. მუს. სკეტჩების ერთ-ერთი პირველი ავტორთაგანი. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946). 1909 დაამთავრა თბილ. მუს. სასწავლებელი, 1913 სანქტ–პეტერბურგის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პედ.: ა. ლი­ადოვი, სიურჟაკი, ლ. საკეტი), პარალელურად – სანქტ-პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1927–31 იყო საქართვ. სახ. კომისართა მუს. განყ-ბის გამგე, 1928–43 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (1931-იდან – პროფესორი), 1943-იდან – თბილ. თეატრ. ინ-ტის მუს. კათედრის გამგე. მონაწილეობდა ქართ. მუს. ფოლკლორულ ექსპედიციებში. მ-ის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ოპერების: „1905 წელი“, „ამირანი“ (იგივე „რაზმელები“; 1932), „ბეკინას ქორწინება“ (ტელედადგმა; 1962), „დავით გურამიშვილი“ (პრემიერა, 1963); ბალეტის:– „ჭანელი გოგონა“ (1947), აგრეთვე 6 სიმფონიის, მუს. სკეტჩების, სიმფონიური პოემის, საფორტეპიანო პიესების, საგუნდო ნაწარმოებების, მუსიკალურად გაფორმებული აქვს მრავალი დრა­მ. სპექტაკლი, მ. შ. „ოტელო“, „რომეო და ჯულიეტა“, „მეფე ლირი“, „ვერაგობა და სიყვარული“, „გიორგი სააკაძე“, „არსენა“ და სხვ. თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან. მ-ის მუს. ენა ეყრდნობა ქართ. მუს. ფოლკლორს, კერძოდ, სვანურს. ახასიათებს კოლორიტულობა, მასალის დამუშავების ორიგინალური ჰარმონიულობა.  მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების: „შემავალი ტონის თეორია“, „ქართული ხალხური პოლიფონია“, „ქართული ხალხური კილოები“, „მუსიკალური გაფორმების საფუძვლები“, „მუსიკალური სტილების თეო­რია“, „ქართული სიმფონიზმი“ და სხვ.

ლიტ.: ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; Торадзе Г., Композиторы Грузии, Тб., 1973.