მეღორეობა

მეღორეობა, მეცხოველეობის დარგი, რ-ის ამოცანაა ღორის მოშენება ხორცის, ქონის, ტყავის, ჯაგრისა და სხვა პროდუქტების მისაღებად. მაღალნაყოფიერება, მაკეობის ხანმოკლე პერიოდი, მალმწიფადობა საშუალებას იძლევა ერთი ნეზვიდან წელიწადში 5 -მდე ხორცი მივიღოთ, სუქებისას 6–7 თვის ბურვაკის ცოცხალი მასა 90–100 კგ აღწევს. 100 კგ ცოცხალი მასის ნაკლავი უშუალოდ 52–60%-მდე ხორცს და 38%-მდე ქონს შეიცავს, ღორის ხორცი და ქონი მაღალყუათიანი საკვები პროდუქტებია. საბეკონე კატეგორიის ღორის 100 რბილობში 16,4 ცილა და 27,8 ცხიმია, საქონე კატეგორიის კი – 11,4 და 49,3 . ღორის ხორცი მდიდარია მაკრო- და მიკროელემენტებით, აგრეთვე ცხიმებსა და წყალში ხსნადი ვიტამინებით; კარგად კონსერვდება, დამარილებული და შებოლილი ხანგრძლივად ინახება, ამზადებენ აგრეთვე ძეხვეულს, ლორს და სხვა პროდუქტებს;  სისხლისაგან – ძეხვს, ალბუმინს, სისხლის ფქვილს; ძვლისაგან – ძვლის ფქვილს. ღორის ტყავს იყენებენ ფეხსაცმლის, უნაგირისა და საგალანტერიო წარმოებაში, ჯაგარს – ჯაგრისისა და ფუნჯის დასამზადებლად. მ. განვითარებულია მთელ მსოფლიოში. მ-ის ძირითადი მიმართულებებია სახორცე, საბეკონე და სახორცე-საქონე ჯიშების გამოყვანა. გამოყვანილია ღორის 100-მდე ჯიში. ყველაზე გავრცელებულია: მსხვილი თეთრი (იორკშირი), ლანდრასი და დიუროკი, პოპულარობა მოიპოვეს ჰემფშირის და პიეტრენის ჯიშებმა.

საბჭ. ხელისუფლების პერიოდში საქართველოში არსებობდა მ-ის სპეციალიზებული მეურნეობა, მ. შ. სანაშენეც (ძვ. სენაკი, რუსთავი), აგრეთვე მსხვილი სამრეწვ. კომპლექსები (გიორგიწმინდა, კრწანისი), საკოლმ., და საბჭ. მეურნეობის სანაშენე ფერმები, კოლმეურნეობათაშორისო სასუქებელი  ფერმა და სხვ.

მ. როგორც მეცნ. დისციპლინა ისწავლებოდა უმაღლეს და საშ. სპეც. სას.-სამ. სასწავლებლებში, სამეცნ. მუშაობა მიმდინარეობდა სამეცნ.-კვლ. ინ-ტებსა და საცდელ სადგურებში, საქართველოში – ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტში. მუშაობას ხელმძღვა-ნელობდა საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკადემია.

1990 საქართველოში ფუნქციონირებდა მ-ის სპეციალიზებული მეურნეობები და კომპლექსები, 700-ზე მეტი სასაქონლო ფერმა და

სასუქი მეურნეობა. ყველა კატეგორიის მეურნეობებში აღირიცხა 880,2 ათ. სული ღორი. ძირითადად აშენებდნენ მსხვილ თეთრ ჯიშს, მომთაბარე მეღორეობის რ-ნებში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, საგარეჯო, ამბროლაური, ონი და სხვ.) კი – კახურ და მანგალიციურ ჯიშებს. დარგის სასაქონლო საქმეს ხელმძღვანელობდა ყვარლის, თელავისა და სამტრედიის ჯიშთსაშენები. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში მონტგომერის დაავადების (ღორის აფრიკული ჭირი) გავრცელების გამო მ. დაზარალდა, 2010-თვის სულადობა შემცირდა 4-ჯერ, გაქრობის საშიშროება დაემუქრა ენდემურ კახურ ღორს. მისი დაცვა-აღდგენა-გავრცელების სამუშაოები დაიწყო ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ქვემო ხოდაშენის ფერმაში (თელავის მუნიციპ.) და სოფლის მეურნეობის სას.-სამ. კვლ. ცენტრის კრწანისის ბაზაზე (გარდაბნის მუნიციპ.).

ჩვენში მ. უპირატესად წვრილი და საშ. ფერმერული მეურნეობებითაა წარმოდგენილი. 2012-იდან ფუნქციონირებს კომპანია „კალანდას“ ინდუსტრიული ფერმა (სოფ. კოდა, მარნეულის მუნიციპ.) 11 ათასი საერთო სულადობით. 2013 ამოქმედდა კომპანია „ქართული სახლის“ წარმოების სრული ციკლის მეღორეობის კომპლექსი ABD GEORGIA (სოფ. აკაურთა, ბოლნისის მუნიციპ.) 20 ათასი საერთო სულადობით. ძირითადად აშენებენ ლანდრასის, იორკშირის და დიუროკის ჯიშებს ან მათ ჰიბრიდებს; მომთაბარე მეღორეობის რეგიონებში გავრცელებულია კახური ღორი და მასთან ნაჯვარები.

ლიტ.: გოგოლი გ., ბარკალაია რ., მეცხოველეობის თანამედროვე მდგომარეობა და ტენდენციები, თბ., 2019; მელითაური ნ., სანაშენე მუშაობის ორგანიზაცია მეღორეობაში, თბ., 1978; შუბითიძე ი., ბოჭორიშვილი გ., მეღორეობა და ღორის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 2009.

ნ. მელითაური

გ. გოგოლი